16 ოქტომბერი 2026,   15:01
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას

ეუთო-ს თავმჯდომარე და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში იმყოფება.
იგნაციო კასისი ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს უკვე შეხვდა. განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ეუთოს როლი და ორმხრივი ურთიერთობები.

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი დგას.

"ეუთო-ს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ეუთო-ს ორგანიზაციის დღის წესრიგში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარია, თავის მხრივ, არის საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორი. ეუთო-ს თავმჯდომარეობის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შვეიცარია, უკვე მრავალი წელია, ასრულებს შუამავლის როლს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი საქართველოსთვის რჩება ერთადერთ ჩარჩოდ, რომელიც დიალოგის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხზე," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები