10 ოქტომბერი 2026,   22:56
ვრცლად
კიდევ ერთი მცდელობაა ჩირქი მოეცხოს პენიტენციურ დაწესებულებას, იუსტიციის სამინისტროს, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე, პენიტენციური დაწესებულებაში სისტემურ და სისტემატურ წამებას ჰქონდა იქ ადგილი - დავით მათიკაშვილი დავითაძის საქმეზე

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პატიმარ დავითაძის საქმე, ავლენს კოორდინირებული შეტევის მცდელობას პენიტენციურ დაწესებულებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობაში ყურადღებას, მტკიცებულებების არ არსებობაზე ამახვილებენ. გაიხსენეს სახალხო დამცველის დასკვნა და ფაქტი, თუ როგორ თქვა დავითაძემ სამედიცინო ექსპერტიზაზე უარი.

"სწორედ სამართლებრივი პროცესით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ შეტევას პენიტენციურ დაწესებულებაზე, როგორც გამოვლინდა და არაერთი უწყების მიერ, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ, აქ იმ ბრალდებებს, რომელსაც აჟღერებდნენ თავდაპირველად, ადგილი არ ჰქონია. შემდგომ გამოვლინდა, რომ კონკრეტულ ექსპერტიზებზე თქვა ამ პიროვნებამ უარი და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მცდელობაა ჩირქი მოეცხოს პენიტენციურ დაწესებულებას, იუსტიციის სამინისტროს, ეს თან მაშინ და იმ პირების მიერ, იმ "პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლების" მიერ 2012 წლამდე, პენიტენციური დაწესებულება რომ გადავსებული იყო პატიმრებით და მართლაც სისტემურ და სისტემატურ წამებას ჰქონდა იქ ადგილი, რაც არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული სასამართლოების მიერ იქნა ცალსახა დადასტურებული,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. 

 

 

დღის ამბები