15 სექტემბერი 2026,   23:25
ვრცლად
ნათია თურნავამ მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ, მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენციაში „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ მიიღო მონაწილეობა.

ნათია თურნავას განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი, თავის მხრივ, ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი საფუძველია.

„ბოლო წლების განმავლობაში საფინანსო სექტორში გაიზარდა როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტი, ასევე მათი ფინანსური განათლების დონე. ამაზე, მათ შორის, მომხმარებელთა ეროვნული ბანკისადმი მომართვიანობის ტენდენციაც მიუთითებს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის დამატებითი დაცვის მექანიზმების შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ფინანსური განათლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ინფორმირება არსებული რისკების შესახებ მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ამ მიზნით, შემუშავებულია ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მეორე რედაქცია, ხოლო ხუთ წელზე მეტია მოქმედებს საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუ“, რომლის მიზანია მოქალაქეებისთვის მკაფიო, ობიექტური და არაკომერციული ფინანსური ინფორმაციის მიწოდება მათთვის მარტივი და გასაგები ფორმით.

„ჩვენი მიდგომა ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს: მომხმარებელს დაცვა სჭირდება მანამ, ვიდრე ის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ მომხმარებელი სწორად აფასებს რისკს, ეს ამცირებს როგორც პოტენციურ პერსონალურ ზარალს, ისე სისტემურ რისკებსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026-2027 წლებში მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ხელმძღვანელ უწყებას წარმოადგენს. კონფერენცია, რომელიც ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა ნდობის გაძლიერების, მათი უფლებების დაცვისა და არსებული გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ემსახურება, 3 დღის განმავლობაში იმუშავებს მომხმარებელთა უფლებების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და განსაზღვრავს ერთიან მიდგომებსა და სტანდარტებს. კონფერენციას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები.

გახსნით ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, თბილისის მერიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები