15 სექტემბერი 2026,   02:34
ვრცლად
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2006 წლის "საზღვაო შრომის კონვენციის 2022 წლის ცვლილებები" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2006 წლის "საზღვაო შრომის კონვენციის" (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები" და საქართველოს კანონების პროექტები: "მეზღვაურთა შრომის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" განიხილეს.

საკითხი განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა წარადგინა.

მისი განცხადებით, 2023 წელს საქართველომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის "საზღვაო შრომის კონვენციის" რატიფიცირება განახორციელა, რომელიც მეზღვაურთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

მომხსენებლის თქმით, 2022 წლის ივნისში კონვენციაში ცვლილებები შევიდა, რომელთა მთავარი მიზანი მეზღვაურთა უფლებებისა და სამუშაო პირობების დაცვის შემდგომი გაძლიერება და იმ პრაქტიკული პრობლემების გათვალისწინებაა, რომლებიც განსაკუთრებით მკაფიოდ ბოლო წლებში გამოვლინდა.

თამარ იოსელიანის განმარტებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი მეზღვაურთა რეპატრიაცია და მიტოვების შემთხვევებია. ცვლილებებით უფრო მკაფიოდ განისაზღვრა სახელმწიფოსა და შესაბამისი სუბიექტების პასუხისმგებლობა, რათა მეზღვაური სათანადო დახმარების გარეშე არ დარჩეს და უზრუნველყოფილი იყოს მისი დროული დაბრუნება სამშობლოში.

განსაკუთრებულად ყურადღება გემთმფლობლის მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულების შემთხვევებს და მეზღვაურთა ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებას ეთმობა.

კონვენციით კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვრება, რომ გემზე მყოფი მეზღვაურებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი პირობები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მიერ აღნიშნული ცვლილებების რატიფიცირება ასევე საჭიროებს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას.

აქედან გამომდინარე, ცვლილებები შედის "მეზღვაურთა შრომის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონებში.

"საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს მიერ საზღვაო შრომის საერთაშორისო სტანდარტების თანმიმდევრულ დანერგვას წარმოადგენს. ეს ასევე ხელს შეუწყობს მეზღვაურთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის გაუმჯობესებას, უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას და საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

დღის ამბები