04 სექტემბერი 2026,   19:04
ვრცლად
გერმანულმა ქარხანამ კიევისთვის 5 000 ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონის წარმოება დაიწყო - მედია

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად მდებარე ქარხანაში, უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორი მანძილის საბრძოლო დრონის სერიული წარმოება დაიწყო, - ამის შესახებ გერმანული მედია ამერიკულ-გერმანულმა თავდაცვის კომპანია Auterion-ზე დაყრდნობით წერს.

კომპანიისა და მისი უკრაინული პარტნიორის, Airlogix-ის ცნობით, პირველი დრონები გერმანიის მთავრობისთვის შეკვეთის ფარგლებში უკვე აეწყო, შეკვეთის დასრულება კი 2027 წლის შუა პერიოდისთვის იგეგმება.

ინდუსტრიის წყაროების შეფასებით, შეკვეთის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონ ევროს (348 მილიონი აშშ დოლარს) შეადგეს. მედიის ინფორმაციით, უკრაინასთან პარტნიორობა, რომელიც მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში დამყარდა, სავარაუდოდ, დამატებით შეკვეთებს და გრძელვადიანი კონტრაქტების დადებას გამოიწვევს.

მედიის ცნობით, ბავარიაში არსებული ქარხნის გარდა, რომლის სახელიც არ კონკრეტდება, წარმოება ასევე დაგეგმილია აღმოსავლეთ გერმანიის კიდევ ერთ ქარხანაში. წარმოებაში ორი განსხვავებული მოდელის დრონია ჩაშვებული: ერთი - საშუალო დისტანციის, ხოლო მეორეს ფრენა შორ მანძილზეა გათვლილი, დაახლოებით 1 500 კილომეტრამდე.

როგორც მედია წერს, კომპანია Auterion-ი დრონებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფასა და ოპერაციულ სისტემას აწვდის, Airlogix-ი კი ტექნიკურ ნაწილს უზრუნველყოფს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დრონების მართვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება, რათა მტრის რადიო ელექტრონული წინააღმდეგობის მიუხედავად, სამიზნის განადგურება მაინც მოხერხდეს.

„გერმანიას ახლა აქვს ხელმისაწვდომი, ზუსტი დამიზნების იარაღების დიდი რაოდენობით წარმოების ხაზი. ჩვენ, გამოცდილი და აპრობირებული სისტემების მიწოდებას ამ წლის ბოლომდე დავიწყებთ - ისეთი ღირებულებითა და წარმოების ტემპით, რაც რეალურად შესაძლებელს ხდის შეკავებისთვის საჭირო დიდი მარაგების შექმნას“, - განაცხადა Auterion-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლორენც მაიერმა.

 

დღის ამბები