"ეროვნული თაობა" - ახალი სახალხო მოძრაობა ოფიციალურად დაფუძნდა. საინიციატივო ჯგუფმა განაცხადი იუსტიციის სახლში ცოტა ხნის წინ შეიტანა. ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი ქართველიშვილის განცხადებით, მათი მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირებაა.
ქართველიშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ახალი მოძრაობის, პირადად მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. მისი განცხადებით, ის და მისი ოჯახი საზოგადოების მხრიდან ბულინგისა და სიძულვილის ობიექტები გახდნენ.
"ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, განსაკუთრებით ჩემი მეუღლის მიმართ, არის ძალიან დიდი ბულინგი. უფრო მეტიც, ზიზღის თვალით უყურებენ ამ ყველაფერს და ხაზს უსვამენ ჩემს ვიზუალს. ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ მთელი საქართველო სპორტით იყოს დაკავებული - კონკრეტულად შერეული ორთაბრძოლები იქნება ეს, თუ ჭიდაობა. ამ ადამიანებს უნდა ვუბიძგოთ, რომ სპორტში წავიდნენ. ყურიც ექნებათ გატეხილი და ცხვირიც. ნორმალური და ჯანსაღი თაობა უნდა გაიზარდოს და არა ისე, როგორც მათ სურთ, ჩვენს ტრადიციებსა და ღირებულებებს შეურაცხყოფას რომ აყენებენ. მე მზად ვიყავი ყველანაირი ბულინგისთვის, უბრალოდ, ამაზრზენია ეს ყველაფერი", - აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.