29 ივლისი 2026,   11:42
ვრცლად
ვის ინტერესშია და რატომ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე - რას აცხადებენ დღეს დაფუძნებული სახალხო მოძრაობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები

ვის ინტერესშია და რატომ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე - დღეს დაფუძნებული სახალხო მოძრაობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და ხელმძღვანელიც ღიად ამბობენ, რომ გარე აქტორების მიერ დაფინანსებული ჯგუფების მიზანი იმ ღირებულებებისგან დისტანცირებაა, რაზეც ქართული სახელმწიფოებრიობა დგას. ორგანიზაციის წევრებმა საზოგადოებრივი ჯგუფის შექმნის მოტივი დაასახელეს.

მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ გახშირებული ფაქტები, რაც ნეგატიურ კონტექსტში რელიგიაზე, რწმენაზე, ეროვნულ ღირებულებებზე საუბარს გულისხმობს, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის იდენტობას. ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევებს საზოგადოების მხრიდან პასუხი, შესაბამისი რეაგირება სჭირდება და გამოსავალს დემოკრატიულ, კონსტრუქციულ ჩარჩოში გაწერილი წესებით მოქმედებაში ხედავენ.

ორგანიზაციის გაცხადებული მიზნების მიუხედავად, ახალი მოძრაობის სამომავლო გეგმებს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციაში. ოპონენტები ამბობენ, რომ პრობლემური საკითხების გადაჭრა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამისი ორგანოების კომპეტენციაა. იყო მუქარაც.

სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია შეურაცხყოფა და დამაკნინებელი ეპითეტების გამოყენება იმ ფასეულობებთან მიმართებით, რაც ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი დღეს ცნობილი ქართველი მოღვაწეების მისამართით სოციალურ პლატფორმებზე გაჟღერებულ უხამს განცხადებებსაც გამოეხმაურა. თქვა, რომ მისი თანამოაზრეებისთვის ონისე ოქრიაშვილის და მისი მეგობრების მხრიდან ქართველი კლასიკოსის შეურაცხყოფა მიუღებელია. გიორგი ქართველიშვილმა ნიკო ხურცილავას, რომელსაც სასამართლომ ოქრიაშვილზე თავდასხმის გამო 5000-ლარიანი გიარაო შეუფარდა, სოლიდარობა გამოუცხადა, ოქრიაშვილს და მის მეგობრებს კი ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

ახალი მოძრაობა დღეს დაფუძნდა. მისი ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი სპორტსმენი გიორგი ქართველიშვილია. ორგანიზაციის წევრებმა თქვეს, რომ მათი კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ეროვნულ ფასეულობებს იცავს.

დღის ამბები