საქართველო, მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით, ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში თავის როლს აძლიერებს. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა 372 მილიონი დოლარის დაფინანსება "ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი" - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის.
ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პროექტის მიზანია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული და სავაჭრო გზის საქართველოს მონაკვეთის ეფექტიანობის და მედეგობის ამაღლება.
ეს პროექტი დააფინანსებს ქვეყანაში სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრის ზრდას, ძირითადი საგზაო მონაკვეთების მოდერნიზაციას და ასევე, სარკინიგზო და საგზაო უწყებების მიზნობრივ რეფორმებს, რითაც დერეფანში არსებულ ინფრასტრუქტურულ შეფერხებებს შეამსუბუქებს.