07 აგვისტო 2026,   02:45
ვრცლად
ყოფილების ბრძოლა წერილებით და ოპოზიციის პოლიტიკური მელოდრამა - ამჯერად მთავარ როლში ერთი პარტიის ორი ყოფილი თავმჯდომარეა

"აგიაშვილსა ნიკასო, ან ნაყვარება პიკასო. გადარეულა პიკასო, რა დავუშავე ნიკასო", - ირაკლი ფავლენიშვილი კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გავრცელებულ კრიტიკულ წერილს ეხმიანება.

პოეზია ეპისტოლეს პასუხად - რთული სათქმელია, ლექსი მხოლოდ სახელის გამო შეარჩიეს, თუ მისი შინაარსის. თუმცა ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელიას მისამართით რიტორიკულ კითხვას მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად სვამს - ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილმა დაიწყო წარსულის გახსენებით, რომ მისი მხარდამჭერი აქცია მელიამ მიზანმიმართულად დაშალა. სწორედ ამ ბრალდებას მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" ექსთავმჯდომარის ვრცელი წერილი, რომელიც ექსპრეზიდენტზე თავდასხმად შეფასდა.

"კომპლექსიანი ეგოისტი", პირიქით, სააკაშვილს უწოდა ნიკა მელიამ. "ნაცმოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ყოფილ ლიდერს საქართველოში დაბრუნების მოტივი გაუხსენა. წარსულზე ალაპარაკებულმა მელიამ პატიმარს ციხიდანვე უთხრა, რომ პარტიის წართმევის ფობია უნდა დაძლიოს, კონკურენტებზე ეჭვიანობას კი უნდა შეეშვას.

ზოგს გაეცინა, ზოგიერთმა კი წლების ნაგროვები ერთიანად ამოთქვა - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ყოფილი თავმჯდომარის ახალ წერილში ძველი მიზნები ამოიკითხეს. ღიად თქვეს, რომ მელია სააკაშვილის პოლიტიკურ კაპიტალს და ელექტორატს იყენებდა, ახლა კი მისი კრიტიკით ფინანსურ რესურსებს ეძებს.

სააკაშვილის ყოფილი ადვოკატის პასუხი მკაფიო არ ყოფილა. ნიკა გვარამიამ კონკრეტულ საკითხებზე დუმილი არჩია, თუმცა ნაციონალებს დაუანონსა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია ალიანსის სხვა ლიდერისთვის. თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ არჩევანი მელიასა და სააკაშვილს შორის ფიზიკურად ვერ დადგება, რადგან მუდმივი კრიტიკით დაკავებული ექსპრეზიდენტი, საკუთარი პოლიტიკური ეგოს გამო, უკვე ალიანსის მიღმა დგას.

"პოლიტიკანები" - ასე პასუხობს ოპოზიციურ სპექტრს თავად სააკაშვილი. ექსპრეზიდენტმა ციხიდან პასუხი დღის ბოლოს მოიწერა, თუმცა მელია პერსონალურად არ ახსენა.

ვინ ვის და რისთვის იბრძვის? "ნაციონალური მოძრაობის" გარედან პროცესები სხვაგვარად ჩანს. მელიას წერილში ბევრმა გვარამიას ხელწერა და კონკრეტული მიზნებიც დაინახა.

ერთმანეთთან დაპირისპირებულებს, ანტისახელმწიფოებრივ მიზნებთან ერთად, ლიდერობისთვის ბრძოლა და პოლიტიკური უპრინციპობა აერთიანებთ - ეს მმართველი პარტიის შეფასებაა, სადაც არ უკვირთ, რომ ოპოზიციის შიდა პოლარიზაციის ავანგარდში ისევ მიხეილ სააკაშვილია.

ნიკა მელიას წერილი პირველი არ არის, რომელიც მან ციხიდან გამოაქვეყნა. დუმილი ზუსტად 1 თვის წინ დაარღვია - ზუსტად სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" გამო. მაშინვე დაიმუქრა, რომ დაიწყებდა კოლეგების მხილებას, თუკი ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას არ შეწყვეტდა.

დღის ამბები