18 ივნისი 2026,   15:32
ვრცლად
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრიდან დონალდ ტრამპის სახელი უნდა ამოიღონ - Reuters

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრიდან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი უნდა ამოიღონ. მოსამართლის დადგენილებით, ვაშინგტონის ამ სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ობიექტისთვის სახელის გადარქმევა კონგრესის სპეციალური აქტის გარეშე დაუშვებელია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ვაშინგტონის ოლქის მოსამართლემ, კრისტოფერ კუპერმა ტრამპის ადმინისტრაციას 14-დღიანი ვადა მისცა, რათა სრულად ჩამოხსნას ყველა აბრა, რომელზეც პრეზიდენტ ტრამპის სახელია დატანილი და ოფიციალური დოკუმენტაციიდანაც სრულად ამოიღოს ტერმინი "ტრამპ კენედის ცენტრი".

"კენედის ცენტრის ორგანული წესდება ნათლად ადგენს, ცენტრს სახელი პრეზიდენტ კენედის პატივსაცემად უნდა ერქვას და მასზე სხვა ოფიციალური სახელის ან საჯარო მემორიალის დატანა მხოლოდ საბჭოს ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეუძლებელია. კენედის ცენტრს სახელი კონგრესმა მიანიჭა და მისი შეცვლა მხოლოდ კონგრესს შეუძლია" - წერს მოსამართლე კრისტოფერ კუპერი.

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დემოკრატი კონგრესმენის, ჯოის ბიტის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე მიიღო.

თეთრ სახლში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. 

ცნობისთვის, 2025 წელს, "კენედის ცენტრს" სახელი შეეცვალა და "ტრამპ-კენედის ცენტრი" დაერქვა.

ცენტრისთვის სახელის შეცვლას კრიტიკა მოჰყვა. კენედის შვილიშვილმა, ჯეკ შლოსბერგმა აღნიშნა, რომ ცენტრი ფედერალური კანონით არის განსაზღვრული როგორც პრეზიდენტ ჯონ კენედის მემორიალი და მისი სახელის შეცვლა კონგრესის გარეშე დაუშვებელია.

დღის ამბები