"რუსთავი 2" მზადაა ყველაზე მასშტაბური, ყველაზე პრესტიჟული, ყველაზე სახალხო, ყველაზე დაძაბული სპორტული მოვლენის და იმ ემოციების გასაშუქებლად, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს.
მსოფლიო ჩემპიონატი ის იშვიათი მოვლენაა, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებსაც აერთიანებს და მათაც, ვინც ამ თამაშს მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ უბრუნდება. ეს ის პერიოდია, როცა მთელი მსოფლიო ერთ რიტმში იწყებს ცხოვრებას - გამარჯვებების, იმედგაცრუებებისა და დაუვიწყარი ემოციების მოლოდინში.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაშიც განსაკუთრებულად შევა. პირველად ტურნირში 48 ნაკრები იასპარეზებს, პირველად ჩემპიონატს ერთდროულად სამი ქვეყანა - შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს და ასევე პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში 104 შეხვედრა გაიმართება. გულშემატკივრებს თითქმის ყოველდღე რამდენიმე დაპირისპირების ხილვა შეეძლებათ.
სანამ პირველი სასტვენის ხმა გაისმება, დიდი მზადებაა "რუსთავი 2-ში". სპორტული სამსახური, პროდიუსერები, ტექნიკური და საეთერო გუნდები ერთიანად ემზადებიან იმისთვის, რომ მუნდიალის ყოველი მნიშვნელოვანი მომენტი მაყურებლამდე დროულად და სრულყოფილად მივიდეს.
მსოფლიო ჩემპიონატი- მხოლოდ სტატისტიკა და რეკორდები არ არის. ეს არის ტურნირი, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა პელე, მარადონა, ზიდანი, რონალდო, მესი. სწორედ მსოფლიო ჩემპიონატებზე იბადებიან ვარსკვლავები, რომლებიც შემდეგ ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ რჩებიან.
მისი არსებობის განმავლობაში ტურნირში 79 ქვეყანას აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს 5 მილიარდზე მეტმა ადამიანმა უყურა - ეს დედამიწის მოსახლეობის 60%-ზე მეტია. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია იმაზე გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ეს ისტორია თითქმის 100 წლის წინ დაიწყო - 1928 წლის 28 მაისს FIFA-ს პრეზიდენტ ჟიულ რიმეს გაუჩნდა იდეა, რომელმაც ფეხბურთის მომავალი სამუდამოდ შეცვალა.
იდეა რეალობად მხოლოდ ორ წელიწადში იქცა. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს ურუგვაიში გაიმართა. პირველი მსოფლიო ჩემპიონი სწორედ მასპინძელი ურუგვაი გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია სავსეა არა მხოლოდ გამარჯვებებით, არამედ სკანდალებით, ტრაგედიებითა და დაუჯერებელი ისტორიებით.
1958 წელი. ჩემპიონატის მასპინძელი შვედეთი. ამ ჩემპიონატმა მსოფლიოს ახალი ვარსკვლავი გააცნო. 17 წლის ბრაზილიელი ბიჭი - პელე.
პელემ ყველა პლეი-ოფის მატჩში გაიტანა, მათ შორის ფინალშიც დუბლი შეასრულა. ბრაზილიამ შვედეთი 5:2 დაამარცხა და პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. პელემ კი პირველი მსოფლიო თასი აღმართა.
ჩემპიონატი წლიდან წლამდე იცვლებოდა და ვითარდებოდა.
1998 წლის ჩემპიონატი საფრანგეთში გაიმართა. სწორედ აქ ჩამოყალიბდა ის ფორმატი, რომელსაც თანამედროვე გულშემატკივარი კარგად იცნობს. მონაწილეთა რაოდენობა 24-დან 32-მდე გაიზარდა. ემოციური იყო 98 წლის ფინალი.
2002 წლის მსოფლიოზე კი ლეგენდარული ტრიო შეიკრიბა - რონალდო; რივალდო; რონალდინიო. მათ "სამი R" შეარქვეს. ეს იყო წელი, როცა ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონობა მეხუთედ მოიპოვა. ეს დღემდე მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია.
გერმანია იყო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი 2006 წელს. ამ დროისთვის ფეხბურთში უკვე ახალი თაობა მოდიოდა. სწორედ ამ ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ითამაშეს: ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ფეხბურთი სწორედ მათ გარშემო იტრიალებდა.
სამხრეთ აფრიკა. 2010 წელი. ეს იყო პირველი მუნდიალი აფრიკის კონტინენტზე. იმ პერიოდში ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ითვლებოდა. შედეგიც დაიდო. ესპანეთმა 1:0 მოიგო და ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
შემდეგ იყო 2018 წელი და ფეხბურთში VAR-ის ანუ ვიდეო რეფერის ეპოქის დასაწყისი. იმავე წელს კი მსოფლიოს ახალი სუპერვარსკვლავი შეემატა- კილიან მბაპე, რომელმაც 19 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და ახალი თაობის ლიდერად იქცა.
2022 წელს კი ლიონელ მესიმ კარიერის მთავარი ოცნება აისრულა - არგენტინასთან ერთად მსოფლიო თასი აღმართა და ფეხბურთის ისტორიაში თავისი ადგილი საბოლოოდ გაამყარა.
ახლა კი მსოფლიო 2026 წლის მთავარი ჩემპიონატისთვის ემზადება. ახალი ვარსკვლავები იბადებიან და სწორედ ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ხიბლი. 11 ივნისს ფეხბურთის ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი გადაიშლება.
ამ ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი კი ქართველი მაყურებლისთვის პირველად, რუსთავი 2-ისა და Setanta Sports-ის ეთერში გაცოცხლდება.