02 აგვისტო 2026,   03:10
ვრცლად
დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით - რა სქემით უწყობდა ხელს ნარკოტიკის რეალიზაციას თურქეთის ორი მოქალაქე

მეფედრონს დენის მრიცხველებთან ტოვებდნენ, სადარბაზოდან გასვლისთანავე კი მყიდველს ნარკოტიკის ფოტოსა და სამალავის მისამართს უგზავნიდნენ.

"კურიერის" ინფორმაციით, თურქეთის ორი მოქალაქე ამ სქემით უწყობდა ხელს ნარკოტიკის რეალიზაციას - მათი სამოქმედო არეალი ბათუმი იყო. 23 და 36 წლის მამაკაცები პოლიციამ ქუჩაში, სხვადასხვა მისამართზე, დანაშაულის ფაქტზე დააკავა. ჩხრეკის დროს ორივეს ჯიბეში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეფედრონი ედო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი პოლიციამ მათ ნაქირავებ ბინაშიც იპოვა.

ნარკოტიკის გავრცელების კიდევ ერთი ფაქტი სამართალდამცველებმა ბათუმში აღკვეთეს. დაკავებულია საქართველოს მოქალაქე. 25 წლის მამაკაცი პოლიციამ მემედ აბაშიძის ქუჩაზე გაჩხრიკა - მას ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება მეთადონი უპოვეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი სამართალდამცველებმა მისი ბინიდანაც ამოიღეს. ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი დანაშაულის დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობს.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. პოლიცია ერთდროულად რამდენიმე მისამართზე იყო მობილიზებული. ნარკოდანაშაულის საქმეში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გასაყიდად გამზადებული მეთადონი და მეფედრონი დევს. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სამ პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ადვოკატები საქმის მასალებზე ამ ეტაპზე საჯაროდ არ საუბრობენ.

 

დღის ამბები