გორში გადაღებული კადრები, დაკავებული სამართალდამცველების წინააღმდეგ ახლა მთავარი მტკიცებულებაა. გამოძიება 6 პოლიციელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა პაპუნა ლოცულაშვილზე დაკავების პროცესში იძალადეს და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. დაზარალებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
დაკავებიდან რამდენიმე საათში, პაპუნა ლოცულაშვილი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გაათავისუფლეს. დაზარალებულს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმებაც.
დაზარალებული კლინიკიდან გაწერეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება პოლიციელი. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილმა ერთ-ერთ სამართალდამცველს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
გორში მომხდარ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით მიმდინარეობს.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი ტიპის ძალადობას. უწყება მზად არის სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
დაწყებული გამოძიების ობიექტური შედეგის და კანონდამრღვევების სათანადოდ დასჯის იმედი აქვს დაზარალებულის ოჯახს. პაპუნა ლოცულაშვილის მამიდა აცხადებს, რომ ოპოზიცია სამართლებრივი საქმის პოლიტიზებას და პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს.
დაზარალებულის ოჯახის წევრი ოპოზიციას პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები და განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პოლიტიკურ განცხადებებს დღეს ერთი მეორის მიყოლებით აკეთებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ დანაშაულს სისტემური ხასიათი აქვს.
მძიმე ბრალდების ავტორებს, მმართველი გუნდიდან მძიმე პოლიტიკური წარსული გაახსენეს. ის დანაშაულებრივი ფაქტები, რომლებიც საზოგადოებას მმართველი გუნდის თქმით, წლების შემდეგაც არ ავიწყდება.
ე.წ. კორტების სპეცოპერაცია, მანქანაში ჩაცხრილული ალექსანდრე ხუბულოვი და ზურაბ ვაზაგაშვილი, სასტიკად მოკლული სანდრო გირგვლიანი და 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობა - ეს "ქართული ოცნების" თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების მხოლოდ ნაწილია. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის დროს, სამართალდამცველების მიერ მოკლულთა რაოდენობა რეალურად 150ზე მეტ მსხვერპლს ითვლის
ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების კრიტიკის შანსი დღეს ხელიდან არც გიორგი გახარიას გუნდმა გაუშვა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ სოფო ხორგუანს პათეტიკა დაუწუნა და გაახსენა, რომ მისი პარტიის ლიდერმა რომელიც 20 ივნისის აქციის ძალადობრივი გზით დაშლის საქმეზეა ბრალდებული, სამართლებრივ პასუხისმგებლობას თავი, ქვეყნიდან გაქცევით აარიდა.
გორში მომხდარ ძალადობრივ ფაქტზე დაკავებულ 6 პოლიციელს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას, დაზარალებულ ლოცულაშვილს კი პროკურატურა პოლიციელზე ძალადობას ედავება.
ავტორი: ნანა გოგატაძე.