მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით, საქართველო ევროპის კონტინენტზე ლიდერობს - კვლევა საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა "დემოკრატიების ალიანსმა" გამოაქვეყნა.
გავლენიანი ორგანიზაცია, რომელსაც ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი და დანიის ექს-პრემიერი ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობს, წერს, რომ საქართველო არჩევნების პოზიტიური გავლენითაც ევროპაში მეორე ადგილზეა. ქვეყანა ერთადერთია, სადაც გამოკითხვამ აჩვენა, რომ მთავრობის გამჭვირვალობა მოსახლეობისგან დადებითად არის შეფასებული. სწორედ ტრანსფარენტულობას და გადაწყვეტილებების საჯაროობას ასახელებენ პრიორიტეტად მთავრობის ადმინისტრაციაში.
გავლენიანი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ მსოფლიოს მასშტაბით აჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიის აღქმის ინდექსით, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის შემდეგ მოდის. ქვეყანა უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს ყველა ასპირანტ და არაერთ წევრ სახელმწიფოს. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ინდიკატორების პოზიტიური დინამიკა ქვეყნის სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შედეგია.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ პროგრესს არ იზიარებენ და აღიზიანებთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქვეყანამ მხოლოდ ევროპელი ბიუროკრატების ნაწილის მიერ მიღებული ანტისამთავრობო რეზოლუციები უნდა გაითვალისწინოს.
ოპოზიციას და ევროპელი ბიუროკრატების ნაწილს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში დღეს დემოკრატიის აღქმისა და მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსებში საქართველოს დაწინაურება, ქვეყანაში არსებულ მშვიდობას პირდაპირ დაუკავშირეს. თქვეს, რომ ინსტიტუციური და დემოკრატიული პროგრესის აღიარება ევრობიუროკრატიასაც მოუწევს, რადგან მათი შეფასებების სუბიექტურობა თავად მათ წიაღში მოქმედმა ორგანიზაციებმა გააბათილეს.
დემოკრატიის აღქმის ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება. კვლევა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური პროექტია და მასში მსოფლიოს 132 ქვეყნიდან 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობს.