დიპლომატის არადიპლომატიურ განცხადებაზე რეაგირებას ოფიციალური თბილისი აუცილებლობით განმარტავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ელჩის დამოკიდებულება სიახლე არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში პაველ ჰერჩინსკის მძიმე შინაარსის განცხადება მასპინძელი ქვეყნისთვის ახსნას საჭიროებდა. ელჩს იმის განმარტება მოუწია, რას გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გაირკვევა, საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს ეკუთვნის თუ სიღარიბეს, ბნელ წარსულს და სამოქალაქო დაპირისპირებას დაუბრუნდება.
ევროპელი დიპლომატის განცხადების სამიზნე სახელისუფლებო გუნდისთვის, პირველ რიგში, საზოგადოებაა, ამოცანა - მაქსიმალური პოლარიზაცია და მოქალაქეებში უკმაყოფილების ზრდა. მუდმივმა შანტაჟმა და მუქარამ კი, საბოლოოდ მთავრობის ცვლილება უნდა გამოიწვიოს. ამაზე პარლამენტის სხდომაზე დღეს პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. ითქვა, რომ არაფორმალური მმართველების გავლენები ვეღარ იმალება და ზოგიერთი დიპლომატის არასტანდარტულ ქცევაში ეს ყველაზე კარგად ჩანს.
ოფიციალური თბილისის მკაცრ მიდგომას ოპოზიცია არ იზიარებს. ამბობენ, რომ საქართველოს წარსულზე აქცენტი, არა პოლარიზაციის წახალისება, არამედ მხოლოდ ისტორიული პარალელია.
"ქართული ოცნება" ოპოზიციასაც და ევროკავშირის ელჩსაც დიპლომატიური ეთიკის ნორმებს ახსენებს. სახელისუფლებო გუნდში პაველ ჰერჩინსკის ურჩევენ გაანალიზოს, როგორც ელჩს რა ვალდებულებებს აკისრებს ვენის კონვენცია და რა პასუხისმგებლობები აქვს მასპინძელი ქვეყნის მიმართ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი გუშინ სტანდარტულ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. ევროკავშირის ელჩი უწყებაში საგანგებოდ დაიბარეს. ოფიციალური თბილისისგან მწვავე კრიტიკის მიღების შემდეგ დიპლომატმა შენობა უკომენტაროდ, სპეციალური გასასვლელით დატოვა.