07 აგვისტო 2026,   09:51
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში და წერილები ციხიდან - "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი "ნაციონალების" ერთობაში საკუთარ ადგილს არ თმობს

"ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი "ნაციონალების" ერთობაში საკუთარ ადგილს არ თმობს - ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის პარტიას დემარშს ფაქტობრივად უკვე დანარჩენები უცხადებენ. მიზეზი ამჯერად თავად წითლიძის განცხადებაა, რომლითაც მან გვარამია-მელიას პარტიას წინასაარჩევნოდ მოსყიდულები უწოდა.

მელიასთვის ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია და წერა დაიწყო ციხიდან. ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილსაც და მისი პარტიის ლიდერებსაც ცილისმწამებლებს და ბინძური კამპანიის ავტორებს უწოდებს, იმუქრება, რომ კოლეგების მხილებას თავადაც დაიწყებს.

მელიას ვრცელ წერილს გუშინვე გამოეხმაურა სააკაშვილი. ექსპრეზიდენტი ირწმუნება, რომ გვარამიას პარტნიორის მიზანი უშუალოდ მასთან დებატები იყო, თუმცა სასამართლოში შეხვედრა ვერ შედგა.

"ნაცმოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს სხვა ადრესატები არ პასუხობენ. პატიმარ ექსპრეზიდენტის პარტიაში აცხადებენ, რომ პატიმართან პოლემიკაში არ შედიან.

სამაგიეროდ ასრულებენ ლიდერის მითითებას, 8 პარტიასთან გაერთიანებაში რჩებიან, თუმცა საკუთარ გზაზე დადიან - ხალხთან ახლოს, თუმცა არა ალიანსის გვერდით.

რატომ რჩებიან გაერთიანებაში, რომელიც მათთვის პრიორიტეტული არაა და რომლის წესებსაც არ იცავენ? - უკვირთ ბოკერიასაც და ჩერგოლეიშვილსაც, რომელიც ალიანსის წევრებით, მინუს "ნაციონალური მოძრაობა," რეგიონებში შეხვედრებს მართავს.

ერთმანეთის პოსტების ცენზურამ და საარჩევნო შედეგების რევიზიამ საქმე ალიანსის შენარჩუნებამდე მიიყვანა, რასაც გვარამიას პარტიაში არ მალავენ. ურთიერთგაშავების კამპანიის ფონზე გამოსავლად ყველა დროის "ნაციონალების" ერთობიდან "ნაცმოძრაობის" გარიცხვასაც განიხილავენ.

სახელისუფლებო გუნდისთვის ოპოზიციის სცენარიც ნაცნობია და მისი შედეგებიც. მმართველი პარტია სერიოზულად არ აღიქვამს ოპონენტების ალიანსს, რომელიც ფაქტია, ერთიანი მხოლოდ ფურცელზე გაფორმებული რჩება.

რისი იმედი აქვს ოპოზიციას? - "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ერთობისთვის შექმნილმა ალიანსმა, ყველაზე ნათლად აჩვენა ის, თუ როგორ სრულდება გარე დირექტივით, ხელოვნურად შექმნილი გაერთიანება.

გაუცხოებული პოლიტიკოსი რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, ამას წერს ნიკა მელიაც, რომელიც კოლეგებს მიუთითებს - დაასრულონ უცხოეთიდან გადამწყვეტი დახმარების ილუზია. სწორია - ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია - ერთხელ ბრიუსელში! პოლიტიკური სტრატეგიის გამოსწორებისკენ სააკაშვილის შემდეგ ოპოზიციას ახლა სწორედ ციხიდან ალაპარაკებული მელია მოუწოდებს.

დღის ამბები