რეგიონული გამოწვევებისა და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოსთვის სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია - პრემიერ-მინისტრის თქმით, სამთავრობო გადაადგილების მოტივად, სწორედ ეს ფაქტორი იქცა. ირაკლი კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები და სახელმწიფო მინისტრის პორტფელის გაჩენა ხელისუფლების ეფექტურობას გაზრდის. პრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძე ამ ფუნქციას ფაქტობრივად სუს-ის უფროსის თანამდებობიდანაც ითავსებდა. სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან კი, მას მეტი მანევრირების შესაძლებლობა ექნება. რაც შეეხება აპარატს, მას პრემიერ-მინისტრის მსგავსად, მთავრობის კანცელარია სრულად მოემსახურება.
მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს პლენარულ სხდომაზე, ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა ისაუბრა. ოპონენტების მხრიდან კრიტიკა კვლავ მხოლოდ მინისტრის აპარატთან დაკავშირებით ისმოდა. ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, მოდელი აპრობირებული მეთოდით იქმნება და სახელმწიფო მინისტრს უფლებამოსილებების ეფექტურად განსახორციელებლად ყველა შესაძლებლობა ექნება.
გეოპოლიტიკური რყევების ფონზე კოორდინაცია რომ უმნიშვნელოვანესია, ამას პარლამენტის თავდაცვის კომიტეტშიც ადასტურებენ. კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ოპონენტებს მამუკა მდინარაძის განვლილი საქმიანობაც შეახსენა. 30-ჯერ გაზრდილი ოპერატიული ინფორმაცია, გაუმჯობესებული სოციალური პაკეტები, კორუფციასთან უპრეცედენტო ბრძოლა და აღკვეთილი რევოლუციის მცდელობა - ეს იმ საკითხების არასრული სიაა, რომელიც 8 თვის განმავლობაში მდინარაძის ხელმძღვანელობით გააკეთა.
კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია საპარლამენტო ოპოზიციის ხედვა. "ხალხის ძალა" უმრავლესობასთან კონსულტაციების შემდეგ ცვლილებას მხარს დაუჭერს, გახარიას გუნდი კი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის შექმნა გამოწვევების მიუხედავად საჭირო არაა.
ოპოზიციის ნაწილს სპეკულაციასა და არასახელმწიფოებრივ აზროვნებაში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილმა დასაბუთებამ, ახალი უმაღლესი თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხა. სამართალდამცავი სტრუქტურების სინქრონიზებული მუშაობა და კოორდინაცია კი, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი იქნება.
დღესვე, საკანონმდებლო ორგანომ 85 ხმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, ყოფილი შსს მინისტრი გეკა გელაძე დაამტკიცა. კანონმდებლების აზრით, გელაძე კვალიფიციური კადრია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში უკვე დაამტკიცა.
21 აპრილს გამოცხადებული სამთავრობო გადანაცვლების შედეგად, სუს-ს 6 წლის ვადით გეკა გელაძე უხელმძღვანელებს. სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას კი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.