ევროკავშირის ელჩი საქარტველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში საქართველოს შესახებ ორგანიზებულ ღონისძიებასა და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას:
"მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.
სამწუხაროდ, ბრიუსელის ქმედებები მხოლოდ, როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება შეფასდეს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისათვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას." - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.