"ჩვენს დემოკრატიებში პოლიტიკური სიძულვილის ადგილი არ შეიძლება იყოს," - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, რითაც ვაშინგტონში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.
"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის სივრცეები მოწამლოს. დაპირისპირების კულტურის დაცვა უნდა დარჩეს გადაულახავ ბარიერად ნებისმიერი შეუწყნარებლობის ტენდენციის წინააღმდეგ, რათა დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებზეც ჩვენი ერებია დაფუძნებული," - განაცხადა მელონიმ.
ცნობისთვის, სასტუმროში, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდნენ, ცეცხლი გახსნეს. თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე მყოფი ამერიკის პრეზიდენტის, პირველი ლედის, ვიცე-პრეზიდენტის და ადმინისტრაციის წევრების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა. საიდუმლო სამსახურმა და აშშ-ის უსაფრთხოების სხვა ორგანოებმა ალყა შემოარტყეს სასტუმროს საბანკეტო დარბაზს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი ტრამპის გამოსვლას ელოდებოდა.
მოტივი უცნობია, თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მედია წერს, რომ ის ტორენსში მასწავლებელი იყო და ვიდეო-თამაშებიც ქმნიდა. მსროლელის ფოტო სოციალურ ქსელში მოგვიანებით, თავად დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, საქმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.