ისლამაბადში, სადაც ამერიკის დელეგაციას ელოდებოდნენ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლების ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ვიზიტი გაუქმებულია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
ერთი დღით ადრე კი დაგეგმილი ვიზიტის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა.
დელეგაციის ვიზიტის მიზნად მოლაპარაკებების გაგრძელება დასახელდა.
გადადებულ ვიზიტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ირანი, თუმცა კაროლინ ლევიტის განცხადებას მანამდე X-ზე უპასუხა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა. ესმაილ ბაღაიმ თქვა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეხვედრა არ გაიმართება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანის ხელისუფლებას უკვე შეხვდა. მთავარი თემა კი თეირანის პირობები იყო.
პარალელურად, ვიდეო მიმართვა გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიურად თანამშრომლობენ. ამასთანავე ისრაელი განაგრძობს ლიბანთან მოლაპარაკებებს და "ჰეზბოლას" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სდებს ბრალს.
ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთე ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმაც. რეზა ფეჰლევი ევროპულ მხარეს უმოქმედობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ის ირანის სუვერენიტეტისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
პარალელურად გერმანიის კანცლერმა ირანში მიმდინარე კონფლიქტს არასაჭირო ომი უწოდა. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპა ახალ ეკონომიკურ რეალობას უნდა შეეგუოს და აუცილებელია იმ გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით დაძლევა, რომლის წინაშეც ევროპა ახლა დგას.
სანამ ირანის დელეგაცია პაკისტანს მოლაპარაკებების საკუთარ მოთხოვნებს აცნობს, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის რეჟიმზე ფინანსურ ზეწოლას აძლიერებს. შტატების ხაზინის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ გაყინეს ირანთან დაკავშირებული ფინანსური სახსრები, კრიპტოვალუტა. სანქციები დააწესეს ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, ირანის "ჩრდილოვანი ფლოტის" დაახლოებით 40 კომპანიისა და გემის წინააღმდეგ.
ავტორი: თამთა ნაკუდაიძე.