ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა 3 274-ით აჭარბებს, იმავე პერიოდში ქვეყნიდან გასულ ადამიანთა მაჩვენებელს. განახლებული სტატისტიკით ირკვევა, რომ დადებითი მიგრაციული სალდო ზედიზედ მეორედ დაფიქსირდა. როგორც "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, 2025 წელს საქართველოში რამდენიმე ათასით მეტი ადამიანი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა. ქვეყანაში შემოსული იმიგრანტების რაოდენობამ 131 ათასს გადააჭარბა, ემიგრანტების რიცხვმა კი 114 ათასს.
ახალ მონაცემებს, საქართველოში არსებულ სამშვიდობო პოლიტიკას და ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტს ქვეყანაში შექმნილ სტაბილურ გარემოზე აკეთებენ.
ოფიციალური მონაცემების მიუხედავად, "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს არ ენდობა ოპოზიციის ნაწილი.
საქართველოში არსებულ უსაფრთხო გარემოსთან, მშვიდობასთან და და ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის განვითარებაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდში. დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე კეთდება აქცენტი საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2025 წელს 4-ჯერ მეტი ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში, ვიდრე 2024 წელს.
მიგრაციის დინამიკასთან დაკავშირებით ოფიციალურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს.