06 აგვისტო 2026,   20:54
ვრცლად
პარლამენტის ახალი სასესიო კვირა აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი ინიციატივის განხილვით დაიწყება - საკანონმდებლო ორგანომ სტრუქტურული ცვლილებები უნდა დაამტკიცოს

მთავრობის სტრუქტურული ცვლილება პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ იქნება. ამიტომ, ახალი სასესიო კვირა აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი ინიციატივის განხილვით იწყება. ბიუროს სხდომა და მოსმენები დაჩქარებულ რეჟიმში - პროექტის დამტკიცების შემდეგ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრი გახდება. იქნება ვიცე-პრემიერიც და ახალი პოზიციიდან არა მხოლოდ სუს-ს, არამედ ყველა ძალოვან უწყებას კოორდინაციას გაუწევს. უსაფრთხოების სამსახურს კი ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გეკა გელაძე, რომლის არჩევასაც, ასევე პარლამენტის თანხმობა სჭირდება. საკითხებს უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე აქვს, არგუმენტად სამართალდამცავ ორგანოებს შორის მჭიდრო კოორდინაციის საჭიროება და პოლიტიკური გუნდის გაძლიერება სახელდება.

ცვლილებები და კანდიდატურები მოსწონთ, თუმცა კონსულტაციების რეჟიმში არიან საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფები - "ხალხის ძალა" და "ევროპელი სოციალისტები". გიორგი გახარიას გუნდი კი საპარლამენტო მოსმენებამდე უკვე აცხადებს, რომ ცვლილებებს მათი თანხმობა არ ექნება.

სწორედ უსაფრთხოების მაღალ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას "ქართული ოცნება". უმრავლესობის თქმით, მსოფლიო გამოწვევების ფონზე ქვეყანას ძალოვანი უწყებების ეფექტიანი მართვა სჭირდება, რასაც ახალი სახელმწიფო მინისტრი სათანადო კოორდინაციას გაუწევს.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა სულხან თამაზაშვილი, რომელმაც ამ პოსტზე აჭარის მთავრობიდან გადმოინაცვლა. ახალ თავმჯდომარედ კი ზურაბ პატარაძე წარადგინეს, რომელიც თანამდებობას ერთხელ უკვე იკავებდა 2016-18 წლებში. დიპლომატიიდან აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად დაბრუნებულ პატარაძეს ნდობა ახლა ოფიციალურად აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს.

დღის ამბები