07 აგვისტო 2026,   01:22
ვრცლად
40 დღე პატრიარქის გარეშე, წირვა და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სიონის საპატრიარქო ტაძარში 

მეორმოცე დღე პატრიარქის გარეშე და უცვლელი კადრი სიონის საკათედრო ტაძარში. ისევ უწყვეტი რიგი და ათასობით ადამიანი, რომელიც ტაძარში პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად მივიდა.

საღმრთო ლიტურგია დილიდან დაიწყო. წირვის შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მრევლი კი, რომელიც ილია მეორის სიცოცხლეში მის ქადაგებებსა და ეპისტოლეებს ისმენდა, ახლა სულიერ მამას კიდევ ერთხელ დაემშვიდობა.

სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, წირვას სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მადლიერება ილია მეორის მიმართ განსაკუთრებით იმ სასულიერო პირებს აქვთ, რომლებსაც პატრიარქთან საკუთარი ისტორიები აკავშირებთ. რომლებმაც უწმინდესისგან სულიერი ცხოვრება ისწავლეს და ეს გზა მასთან ერთად გაიარეს.

დრო, რომელიც დაფიქრების, ილია მეორის ღვაწლის ახლიდან დანახვისა და ხალხის შეცნობის საშუალებად იქცა - ქადაგებისას მეუფე შიომ განვლილი ორმოცი დღე გაიხსენა. ისაუბრა ფასდაუდებელ ძალისხმევაზე, რომელიც მუდმივად ქვეყნისა და ხალხისკენ იყო მიმართული. აღნიშნა ისიც, რომ ამ რთულმა პერიოდმა სრულიად საქართველო სიყვარულისა და სულიერი გამოფხიზლების გზაზე დააყენა.

40 დღის წინ საქართველომ უპრეცედენტო ერთიანობა აჩვენა. ამ ერთიანობის ავტორი კი ილია მეორე იყო. ცოცხალი ჯაჭვი სამებიდან სიონამდე, ასეულობით ათასი ადამიანი, რომელიც პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ტაძრის ეზოში ღამეს ათენებდა და კილომეტრიან რიგში იდგა.

პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ხუთი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური დაესწრო. მსახურება მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს პირველმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან და სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა, ქვეყანაში საგანგებოდ ჩამოვიდა არაერთი ქვეყნის დელეგაცია.

პატრიარქი, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და იდენტობის მთავარი საყრდენი. ის რასაც ილია მეორემ თითქმის ნახევარი საუკუნე მიუძღვნა, მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ცოცხალ დერეფნად გადაქცეული დედაქალაქის ქუჩები. ქართული ჯარი, სტიქაროსნები, პოლიცია, მედროშეები, პატრიარქის სულიერი შვილები.მდუმარე პროცესია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავდა როგორი საქართველო სურდა პატრიარქს.

დღის ამბები