06 აგვისტო 2026,   19:15
ვრცლად
კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლი განუზომელია საზოგადოების და ეკლესიის ერთობის საქმეში - დეკანოზი ვლადიმერ ვახტანგაძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით, "რუსთავი 2-ს" ეთერში, დეკანოზმა მამა ვლადიმერ ვახტანგაძემ ისაუბრა.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ ილია მეორის ღვაწლი განუზომელია საზოგადოების და ეკლესიის ერთობის საქმეში:

"წარმოვიდგინოთ ის ეპოქა, როცა ილია მეორე ხდება საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. მან ჩაიბარა გაპარტახებული ეკლესია, ეს არის სრული ათეიზმის პერიოდი, ეპოქა როდესაც ხალხი და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია, თუ რამხელა ძალისხმევა დასჭირდა მას იმისთვის, რომ ეს ჩატეხილი ხიდები აღედგინა - ეს ისტორიული კვლევის ნაწილია. ძალიან რთული იყო ის გზა, რომელიც მან დაიწყო. სულ რამდენიმე სამღვდელო პირი იყო, ვგულისხმობ უმაღლეს იერარქებს ეპისკოპოსებს, დაახლოებით შვიდი ათეული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიაში. დიდი გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ეკლესია, ჩვენი ერი, მას არაერთხელ უთქვამს, ვეღარ ვიგებდი თუ საიდან უნდა დამეწყო ეკლესიის მშენებლობა და ჩვენ საბოლოოდ ვნახეთ ის შედეგი, რაც მისი გარდაცვალების ჟამს, დღევანდელ დღეს დადგა.

კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლი განუზომელია საზოგადოების და ეკლესიის ერთობის საქმეში. მას ყველა სფეროს - მეცნიერების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან... ყველასთან შეძლო საუბარი. წარმოვიდგინოთ ათეისტური ეპოქა მას უხდებოდა ურთიერთობა ეკლესიის მდევნელ ხელისუფლებასთან, რომელიც კომუნისტები იყვნენ და ბოლშევიკები ფიზიკურად ანადგურებდნენ ეკლესიას.

ეკლესიის მიმართ ცხოველი ინტერესი იყო ხელისუფლებისა, თუ როგორ ჩაიგდებდა ხელში ყველა მორწმუნეს და ამ ზღუდეს რომელიც აღაშენეს ბოლშევიკებმა კიდევ უფრო განამტკიცებდნენ და სწორედ ეს ზღურბლი უნდა დაერღვია მის უწმინდესობას და ღმერთის მადლითა და შეწევნით, წმინდანთა ლოცვითა და მეოხებით ეს შეძლო ნამდვილად.

მას ჰქონდა სპეციალური დღეები დანიშნული - ეს იყო ხუთშაბათი დღე, როცა ხვდებოდა ინტელიგენციის წარმომადგენლებს მეცნიერებს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჰქონდა გამოყოფილი დღეები, როცა აღასრულებდა ბავშვებისათვის პარაკლისს იმისათვის, რომ მომავალი თაობა დაეკავშირებინა ეკლესიისათვის, მას შეეძლო ყველასთან საუბარი, ეს იყო ერთ ერთი გამორჩეული ნიჭი, ის იყო ძალზედ სოციალური პიროვნება და მას შეეძლო ყველა სფეროს წარმომადგენელთან საუბარი,"- განაცხადა დეკანოზმა, მამა ვლადიმერ ვახტანგაძემ.

დღის ამბები