ნარკოდანაშაულის სამი ფაქტი განსხვავებული ხელწერით. პოლიციისა და საბაჟო სამსახურის ყურადღების ცენტრში კვლავ სარფის საბაჟო აღმოჩნდა.
წინდაში გახვეული 247 აბი "სუბოქსინი" საბურავთან მოწყობილი სამალავიდან ამოიღეს. მწვანე ფერის ავტომობილი, სარფის საბაზოს ტერიტორიაზე თურქეთიდან გამთენიისას შევიდა. დაკავებულია მძღოლი, 66 წლის მამაკაცი.
ნარკოტიკის სამალავად გამოყენებული ავტომობილი "კურიერმა" გადაიღო. მანქანა დალუქულია და საგამოძიებო მოქმედებების კვალი ეტყობა.
247 აბი "სუბოქსინის" კვალზე, პოლიცია ოპერატიული ინფორმაციით გავიდა. საეჭვო ავტომობილი მებაჟე ოფიცრებმა ჯერ დეტალურად დაათვალიერეს, შემდეგ კი სპეციალური სკანერით შეამოწმეს.
ნარკოტიკის საქართველოში გავრცელებას გეგმავდა 38 წლის მამაკაციც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთი რეისით საქართველოს მოქალაქე ჩამოფრინდა. შემოწმებისას მგზავრს 169 აბი სხვადასხვა ნარკოტიკი სხეულზე წებოვანი ლენტით ჰქონდა შემოხვეული, მათ შორის იყო "პრეგაბალინი" და "სუბოქსინი", ასევე ფსიქიატრიული საშუალებები.
ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის და გავრცელების მცდელობის ფაქტი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს. პოლიციამ დანაშაულის დამადასტურებელი ნივთმტკიცებები უკვე მოიპოვეს.
საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია უკრაინის მოქალაქე.
"კურიერის" ინფორმაციით, 25 წლის ქალი დაფასოებულ ნარკოტიკს სხვადასხვა მისამართებზე, სამალავებში ტოვებდა.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიებები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.