18 ივნისი 2026,   10:10
ვრცლად
პენტაგონმა სამხედრო მოქმედების ახალი გეგმა წარადგინა - თუ ირანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაარღვევს, ამერიკელი სამხედროების სამიზნე ჰორმუზის სრუტეში "გუშაგთა კორპუსის" საზღვაო ძალები გახდება

თეთრ სახლში, სამხედრო მოქმედების ახალი გეგმა პენტაგონმა წარადგინა. მედიის ინფორმაციით, მაგიდაზე დევს სცენარი, რომლის მიხედვითაც, თუ ირანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაარღვევს, ამერიკელი სამხედროების მთავარი სამიზნე ჰორმუზის სრუტეში "გუშაგთა კორპუსის" საზღვაო ძალები გახდება. სამხედრო ინფრასტრუქტურასთან ერთად, დარტყმები განხორციელდება ისლამური რესპუბლიკის იმ ლიდერებზეც, რომლებიც შტატებთან მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგებიან.

სამხედრო მოქმედებების შეჩერების სანაცვლოდ, შტატების პრეზიდენტი ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გარიგებას სთავაზობს. შეთანხმების მთავარი პირობაა, თეირანმა ბირთვულ პროგრამაზე უარი სამუდამოდ თქვას. ცნობილია ისიც, რომ დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა.

თეირანი კი ვაშინგტონს კონფლიქტის დასრულების საკუთარ პირობებს უყენებს - სიაშია ისლამური რესპუბლიკისთვის სანქციების სრულად მოხსნა, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნება და ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ამ დრომდე უცნობია, დათანხმდება თუ არა თეთრი სახლი რომელიმე პირობას და შედგება თუ არა ისლამაბადში მხარეებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანში მიემგზავრება.

საკუთარი პოზიცია კონფლიქტის კიდევ ერთმა მონაწილემ დააფიქსირა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ირანთან ომის განახლებისთვის მზადაა და საკითხზე ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ელოდება.

მხარეებს შორის დაპირისპირების ფონზე, ამ დრომდე პარალიზებულია მოძრაობა მსოფლიოს მთავარ ენერგეტიკულ დერეფანში. როგორც მედია წერს, მას შემდეგ, რაც ირანის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების დაკავება დაიწყეს, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასმა ბარელზე 106 დოლარს გადააჭარბა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები