06 აგვისტო 2026,   06:28
ვრცლად
პაველ ჰერჩინსკი მისი ბოლო განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნებისას, ევროკავშირის ელჩს საკუთარი ნათქვამის ახსნა მოუწევს

დიპლომატის განცხადებას დიპლომატიური რეაგირება მოჰყვება. ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში მისვლა მოუწევს - იმისთვის, რომ საკუთარი ნათქვამი ახსნას. "უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში" - ელჩის ეს განცხადება მმართველ გუნდში ღია მუქარად უკვე შეფასდა. როგორ აფასებს თავად ჰერჩინსკი? - ამას ის უკვე საგარეო საქმეთა მინისტრს ეტყვის, რომელიც თავის მხრივ, დიპლომატს მწვავე გზავნილზე ხელისუფლების პოზიციას გააცნობს.

პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეკითხვები დაგროვდა. ელჩის მხრიდან "ქართული ოცნების" კრიტიკა ახალი არ არის, თუმცა ახალია ტონი, რომელიც მმართველი პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უმრავლესობის თქმით, ელჩი ახლა უკვე ღია მუქარის ტექსტებით აკეთებს მოწოდებას მოქმედი ხელისუფლების შეცვლისკენ, განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისგან, როდესაც ამას შეფარვით ცდილობდა.

ევროკავშირის ელჩის გზავნილები საქართველოში რომ ევროსკეპტიციზმს აღვივებს, ამაზე ოპოზიციის ერთი ნაწილიც თანხმდება. ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე პაველ ჰერჩინსკიმ ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ჰერჩინსკიმ ამ ფორმით, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრიუსელის გადაწყვეტილებები დააანონსა.

რის საფუძველზე ემუქრება ევროკავშირის ელჩი საქართველოს, როდესაც წინაპირობები არ არსებობს - ეს გაუგებარია უმრავლესობისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატები ახლა უკვე ქართველი ხალხის დაშანტაჟებას ცდილობენ, თანაც ისეთი გაუმართლებელი საკითხებით, როგორიცაა სიღარიბე და სამოქალაქო ომი. უმრავლესობის თქმით, ასეთ ულტიმატუმს ვერ წაუყენებ ქვეყანას, სადაც სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებშია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა და სტაბილურობა.

პოლონელი დიპლომატი, რომლის არაერთი განცხადებაც პოლიტიკური დისკუსიის მიზეზი გახდა, საქართველოში მისიას 2022 წლის სექტემბრიდან ასრულებს. ევროკავშირის ელჩის მანდატი მას რამდენიმე თვეში ეწურება.

დღის ამბები