არც ალიანსს ტოვებს, არც მის წესებს ემორჩილება და არც ციხიდან წერილების გამოქვეყნებას წყვეტს - მიხეილ სააკაშვილის მორიგი "ფეისბუქ" გზავნილი ოპოზიციისთვის წინაზე უფრო კრიტიკული აღმოჩნდა. ექსპრეზიდენტის პოლიტიკური ამბიცია იქამდე მივიდა, რომ ყოფილ თანაგუნდელებს ტელეეთერების შესავსებ მოლაპარაკე თავებს და რეალობას აცდენილებს უწოდებს.
სააკაშვილი გაჩუმებას არ აპირებს, გაერთიანებაში დარჩენის ერთადერთი გზა კი წესების დაცვაზე გადის.
შეთანხმების პრინციპების ერთგულება, პერსონალური შეურაცხყოფისგან თავშეკავება და უარი ერთპიროვნულ ლიდერობაზე - რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში მყოფ სააკაშვილს დღეს კიდევ ერთხელ შეუთვალეს, რომ ვინც წითელ ხაზებს გადაკვეთს, ის ალიანსის მიღმა აღმოჩნდება.
გაფრთხილებას ულტიმატუმით პასუხობენ სააკაშვილის გუნდის წევრები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ თუ ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" გაერთიანება ანტიმიშას ალიანსად იქცევა, ერთობაც დაიშლება.
ძველი სახეებით დაკომპლექტებულ ახალ ალიანში ღია დაპირისპირების, უთანხმოებისა და კრიზისის საფუძველი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სააკაშვილის კრიტიკული პოსტი გახდა. ექსპრეზიდენტის გუნდში ამტკიცებენ, რომ წერილი სარეკომენდაციო ხასიათის იყო, ალიანსის სხვა წევრებისთვის კი, სააკაშვილის "ფეისბუქ" სტატუსი ოპოზიციის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
ვიდრე ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულები სააკაშვილის "ფეისბუქ" სტატუსებს განიხილავენ, კოლეგებს საბრალდებო სკამიდან საჯაროდ აკრიტიკებს და ბრძოლის სტრატეგიას უწუნებს ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციური ალიანსი ყველა დროის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გაერთიანებაა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთობის პერსპექტივა ნულია. ერთ დროს მტრების, დროებით გაერთიანების მიზანი კი, "ქართული ოცნების" თქმით, ქვეყნის საბოტაჟი და რევოლუციური გზით პოლიტიკური რეალობის შეცვლაა.
რამდენ ხანს გაგრძელდება ღია დაპირისპირება ოპოზიციაში? მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები" პოლიტიკური ერთობის გამოცდას ვერც ამჯერად ჩააბარებენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე