ლევან მაჭავარიანი იმ აქტორებს აფრთხილებს, რომელთაც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში რევოლუციის მოწყობა იგორ ბლაჟევიჩის სცენარის მიხედვით აქვთ დაგეგმილი. მით უმეტეს, რომ დამტკიცდა იმ ინფორმაციის უტყუარობა, რომლის თანახმადაც "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ლიდერი ქართულ ოპოზიციას გეგმას უწერს და თან ატრენინგებს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ყურადღებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე ამახვილებს. სისხლის სამართლის საქმეში უკვე არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის ჩანაწერები, რაც ხელისუფლების ოპონენტებისა და ბლაჟევიჩის მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.
ვინ არის იგორ ბლაჟევიჩი? უკვე თვეებია, რაც ჩეხეთის ერთ-ერთი NGO-ს აქტიური ლიდერი საქართველოში მიმდინარე პროცესებში ირიბად ჩაერთო. ის მხარს უჭერს თბილისში მიმდინარე პროტესტს და აკრიტიკებს გამჭვირვალობის კანონს. სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომი მასალებით ირკვევა, რომ ბლაჟევიჩი ღია მხარდაჭერას უცხადებდა ნიკა გვარამიას, შეშფოთებული იყო ზვიად ცეცხლაძის დაკავებით, რომელიც თბილისში მაიდანის განმეორებას აანონსებდა.
ბლაჟევიჩი იყო სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთში ვიზიტების უშუალო მონაწილე, ხშირად ხვდებოდა მას და შემდეგ ციტირებდა ზურაბიშვილის განცხადებებს. თინა ხიდაშელს მოიხსენიებდა "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" სპიკერად, შემდეგ კი აღნიშნული ორგანიზაცია ჩეხეთისგან ითხოვდა ეროვნულ დონეზე საქართველოს მთავრობისთვის სანქციები დაწესებას. ასევე, ინტერნეტში ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სწორედ "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ქართული ენჯეოების დასაფინანსებლად და გასაძლიერებლად.
ამ ყველაფრის ფონზე კი, ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ადამიანს, რომელიც მათ მხარს ღიად უჭერს და ევროკავშირის ტერიტორიაზე საკმაოდ გავლენიან ორგანიზაციას წარმოადგენს, არც კი იცნობენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ბლაჟევიჩის გავლენებს არ აღიარებენ, ამბობენ, რომ ბევრად კარგი სტრატეგები ჰყავთ. ნიკა გვარამია კი ჟურნალისტებს სთხოვს "ამ კაცზე არაფერი ჰკითხონ".
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის გეგმა დიდი ხნის გაშიფრულია. კანონმდებლების განცხადებით, ეს არის მორიგი სცენარი, რომელიც კვლავ მარცხისთვისაა განწირული. დეპუტატები, ერთის მხრივ სუს-ის გამოძიების დასრულებას ელოდებიან, მეორე მხრივ კი, ხაზგასმით აღნიშნავენ რევოლუციური სცენარების აღკვეთის პროცესში სამართალდამცავების როლს, რომელთაც საფრთხის განეიტრალება ლოკალურად შეუძლიათ.
იგორ ბლაჟევიჩისა და ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კავშირზე ინფორმაცია 16 აპრილს გავრცელდა. ხელისუფლების ოპონენტები ცნობებს დღემდე უარყოფენ, თუმცა არსებულ ფაქტებზე და მიმდინარე გამოძიებაზე არაფერს ამბობენ.