05 აგვისტო 2026,   01:22
ვრცლად
საქართველოს სტრატეგიული როლი ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში - ქვეყანა დღეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის სტატუსით პოზიციონირებს

"დელფოსის ეკონომიკური ფორუმი" და საქართველოს როლი ევროპის საერთო კეთილდღეობისა და კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში.

"ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი თაღი" - ამ სახელწოდებით გამართულ პანელურ დისკუსიაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს განუმარტა, რომ საქართველო არ არის რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი, რაც დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ქვეყანას დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. თუმცა ამ მოცემულობის მიუხედავად, სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და მთელი კონტინენტისთვის, საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობით მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ახლა მთავარია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ევროპის მხრიდან, რაც დაადასტურებს პოზიციას და სურვილს, საქართველო ევროპის პროექტის ნაწილი გახდეს.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის არჩევანი რომ ეროვნული იდენტობის ნაწილია, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთ სამუშაო სესიაში მონაწილეობისას ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი ახსენა და განმარტა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მინისტრის სიტყვებით, გაფართოება გეოპოლიტიკური პროცესია და ის არ უნდა გახდეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლი. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ყოფილი და მოქმედი ევროკომისრებიც. სესიის ფორმატში ჰქონდა კომუნიკაცია მაკა ბოჭორიშვილს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთანაც.

ისტორიული პროგრესი ეკონომიკური განვითარების კუთხით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, თავისუფალი ბიზნეს სექტორი და უცხოური ინვესტიციები - საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა დღეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის სტატუსით პოზიციონირებს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შუა დერეფნის საჭიროების გაზრდამ, მინისტრის განცხადებით, კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ რეგიონული და გლობალური ტრანსპორტის სისტემის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს.

საბერძნეთის ისტორიულმა ქალაქმა დელფოსმა, მე-11 ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი, 1 200 სპიკერი, 200 პანელური დისკუსია, ათეულობით მინისტრი და ევროპული ქვეყნის ლიდერები. 23-24 აპრილს გამართულ ფორუმზე საქართველოდან გზავნილები ღონისძიების მონაწილეებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააცნო.

დღის ამბები