2026 წლის 23 აპრილს, საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში სახელწოდებით - "დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი.“
მაკა ბოჭორიშვილმა, თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს დაუთმო: "საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა მტკიცეა, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი და ისტორიული არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი."
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესი უნდა განიხილებოდეს ფართო გეოპოლიტიკურ ჭრილში.
"გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა. ის არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად, რადგან ამ შემთხვევაში ზიანდება მისი მთავარი იდეა. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს - ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.“ - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოზე.
„მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური გარემოსა, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, მათზე არაერთი თავდასხმის ფონზე, ასევე მოვახერხეთ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოს მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
„ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებასა და რეფორმებზე მუშაობას, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანია.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.