18 ივნისი 2026,   18:43
ვრცლად
რომის პაპი აცხადებს, რომ მას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ომს, თუმცა გმობს ირანის მიერ მომიტინგეების მკვლელობას - CNN

რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ "როგორც პასტორი", ის ვერ დაუჭერს მხარს აშშ-ისრაელის ომს ირანთან. თუმცა, ამავდროულად პაპმა დაგმო ირანის მიერ მომიტინგეების მკვლელობა.

"როგორც პასტორი, მე ვერ ვიქნები ომის მომხრე" - განუცხადა რომის პაპმა ჟურნალისტებს.

ეს განცხადება ლეო XIV-მ მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი კვირის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პონტიფიკოსი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებული პოზიციის გამო გააკრიტიკა.

"მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ, რათა ეძებონ პასუხები, რომლებიც მოდის მშვიდობის კულტურიდან და არა სიძულვილისა და განხეთქილების ადგილიდან".

რომის პაპმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის დაბომბვამ "ქაოსური მდგომარეობა შეუქმნა გლობალურ ეკონომიკას", რასაც ემატება "ირანის მთელი მოსახლეობა, უდანაშაულო ხალხი, რომელიც ამ ომის გამო იტანჯება".

ლეო XIV-მ ასევე გააკრიტიკა ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობა.

კითხვაზე, გმობდა თუ არა თეირანის სასტიკ დარბევებს პროტესტის დროს, პაპმა თქვა: "მე ვგმობ ყველა ქმედებას, რომელიც უსამართლოა, ვგმობ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, ვგმობ სიკვდილით დასჯას, მჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლეს პატივი უნდა ვცეთ. როდესაც რეჟიმი, ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლეს უსამართლოდ ართმევს, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, არის ის, რაც უნდა დაიგმოს"- განაცხადა რომის პაპმა.

დღის ამბები