19 ივნისი 2026,   10:59
ვრცლად
The Devil Wears Prada 2 - ფილმი, თითქმის იგივე სამსახიობო შემადგენლობით, 20 წლიანი პაუზის შემდეგ გრძელდება

მერილ სტრიპი, ენ ჰეთუეი, ემილი ბლანტი - კინოსა და მოდის ინდუსტრიის ყველა დროის საკულტო ტრიო დაბრუნდა. სამყარო, სადაც ერთი მზერა კარიერას წყვეტს და ერთი სიტყვა ტრენდს ქმნის - 20 წლიანი პაუზის შემდეგ გრძელდება. ამჯერად, თამაშის წესები შეცვლილია. თუ პირველ ნაწილში მთავარი გამოწვევა ყავის დროულად მიტანა იყო, ახლა მირანდა პრისლის იმპერია ტრადიციული მედიის კრიზისსა და ციფრულ რევოლუციას ებრძვის.

2006 წელს გამოსული ფილმის მეორე ნაწილი თითქმის იგივე სამსახიობო შემადგენლობით, დისნეიმ გადაიღო. მოდის ჟურნალის მთავარი რედაქტორის როლს კვლავ მერილ სტრიპი განასახიერებს. მისი ასისტენტების, ანდრეასა და ემილის როლებში კი ენ ჰეთეუეისა და ემილი ბლანტს ვხედავთ. თუმცა განსაკუთრებული მოლოდინი მირანდა პრისლის პერსონაჟის მიმართაა - შეიცვალა თუ არა მკაცრი და გავლენიანი რედაქტორი.

როგორც თრეილერიდან ირკვევა, მირანდა პრისლი ცდილობს, ტრადიციული ბეჭდური მედიის ციფრულით ჩანაცვლების ეპოქაში კარიერულ წარმატებას მიაღწიოს. მირანდას მთავარი კონკურენტი კი მისი ყოფილი ასისტენტია, რომელიც უკვე გავლენიანი სარეკლამო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.

ნიუ იორკში "ეშმაკს აცვია პრადა 2"-ის გრანდიოზული პრემიერა გაიმართა.

წითელ ხალიჩაზე მსახიობებმა სტილის ნამდვილი მასტერკლასი აჩვენეს. ღონისძიება გამორჩეული იყო არა მხოლოდ ვარსკვლავური სიით, არამედ თემატურადაც.

სტუმრები გადაადგილდებოდნენ დეკორაციებში, რომელიც მოდის ჟურნალის სამყაროს აცოცხლებდა. კინო ჩვენებაზე გამოჩნდნენ ჰოლივუდის ის მსახიობებიც, რომლებსაც წილად ხვდათ ორივე ნაწილში მონაწილეობა მიეღოთ.

პრემიერას ასევე ესწრებოდა მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ანა ვინტური, რომლის რეალური პიროვნებაც თავის დროზე მირანდა პრისლის პერსონაჟის ინსპირაციად ითვლებოდა.

საღამოზე ფილმის რეჟისორმა დავიდ ფრანკელმა დაადასტურა, რომ ლედი გაგა ეპიზოდურ როლში მიიღებს მონაწილეობს და ორიგინალური მუსიკალური ნომერიც აქვს.

ნიუ იორკისა და ლონდონის დახურული ჩვენებების შემდეგ მსოფლიო ახლა 1 მაისს ელოდება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები