აშშ და აზერბაიჯანი პროექტ "ტრამპის გზის" განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო "შუა დერეფნის" ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს.
აშშ-ის დელეგაციამ ბაქოში დაასრულა ტექნიკური მოლაპარაკებები "ტრამპის მარშრუტის" პროექტზე, რომელიც შუა დერეფნის 42-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.
პროექტი წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რგოლს "შუა დერეფანში", რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს.
საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას "ევრონიუსი" აქვეყნებს. მედია წერს, რომ მოლაპარაკებები გლობალურ ენერგეტიკულ შოკებს უკავშირდება, რამაც აღნიშნული სატრანზიტო შესაძლებლობები ევროპის გაზმომარაგების საკითხის ცენტრში მოაქცია.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ ვაშინგტონი ცდილობს, აზერბაიჯანთან ახალი პარტნიორობა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად აქციოს, რაც აშშ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ნაწილია, რომელიც თებერვალში, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ბაქოში ვიზიტისას გაფორმდა.
“აზერბაიჯანს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა გარდაუვალ სატრანზიტო ჰაბად აქცევს ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან აკავშირებს“ - აღნიშნა “ევრონიუსთან” ინტერვიუში ბაქოში ვიზიტით მყოფმა სარა ლემინგმა, რომელიც აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების მენეჯერია.
პროექტი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის აგვისტოს თეთრი სახლის სამშვიდობო დეკლარაციის ფარგლებში შეთანხმდა.
როგორც "ევრონიუსი" წერს, აზერბაიჯანის პოზიცია “ტრამპის გზის” ცენტრში შემთხვევითი არ არის, რადგან ქვეყანამ ორი ათწლეული დახარჯა მილსადენების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამტარუნარიანობა დღეში დაახლოებით 1.2 მილიონ ბარელს შეადგენს და მასში აზერბაიჯანულის გარდა, ყაზახეთისა და თურქმენეთის ნავთობიც გაედინება, რაც აძლიერებს ამ ნავთობსადენის როლს, როგორც რეგიონული დივერსიფიკაციის ინსტრუმენტის.
2025 წელს აზერბაიჯანმა აწარმოა 27 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი და 51.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ქვეყანა ნავთობის ექსპორტს თითქმის 30 ქვეყანაში ახორციელებს, ხოლო გაზს - 16 ქვეყანაში მათ შორის ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოში.
"ევრონიუსი" წერს მწვანე ენერგიაზეც და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი და ევროკავშირი ავითარებენ სამ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს, მათ შორის კასპიის ზღვა–შავი ზღვა–ევროპის მარშრუტს რომელშიც საქართველოც მონაწილეობს რათა მოხდეს განახლებადი ენერგიის ფართომასშტაბიანი ვაჭრობა.