მამუკა მდინარაძის განცხადებით დადასტურდა, რომ ოპოზიცია "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთ ლიდერთან აქტიურად თანამშრომლობს. მეტიც, ირკვევა რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ ჩანაწერები, რომლებშიც იგორ ბლაჟევიჩი ფიგურირებს.
მართალია, მდინარაძე არ ამბობს, კონკრეტულად რა მითითებებს იღებდნენ ქართველი ოპოზიციონერები უცხოელი მენტორისგან, თუმცა მკაფიო მინიშნებას აკეთებს, რომ ეს დავალებები - რევოლუციურ სცენარებს უკავშირდება.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ საკითხი დღეს პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. კონკრეტული ფაქტების არსებობის მიუხედავად, ოპოზიცია უკვე ერთი კვირაა პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ლიდერთან რაიმე ფორმით კავშირს უარყოფს. მტკიცებულებების უგულვებელყოფა კი მთავრობის მეთაურისთვის რევოლუციური სცენარების უტყუარი მტკიცებულებაა. ირაკლი კობახიძე, მათ, ვისაც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა სურთ - აფრთხილებს, რომ იდეები ვერ განხორციელდება.
ვინ არის იგორ ბლაჟევიჩი? 16 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის უწერს ოპოზიციას ახალ რევოლუციურ სცენარებს. "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" წარმომადგენელი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროტესტის ღია მხარდაჭერითა და "გამჭვირვალობის კანონის" მკაცრი კრიტიკითაც გამოირჩევა.
მისი კავშირები ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან მხოლოდ ვირტუალური არ არის: 2025 წელს ის მედიატორობდა დისკუსიას თინა ხიდაშელის, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველის მონაწილეობით. გარდა ამისა, სხვადასხვა ცნობებით ირკვევა, რომ ბლაჟევიჩი ტრენინგებს უტარებს ოპოზიციურ პარტიებსა და მოძრაობებს - "ფარსა" და "წერტილს". "კურიერი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ადრესატებთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ: "ფარის" დამფუძნებელი დავით გუნაშვილი ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. გუნაშვილთან გასაუბრება მის სახლთანაც ვცადეთ, გადამღებ ჯგუფს კარი არავინ გაუღო.
რაც შეეხება "წერტილს" - გიორგი ეკალაძემ წერილობითი კითხვის საპასუხოდ მოგვწერა, რომ ჩვენთან საუბარი არ სურს. კითხვებზე პასუხი ნაწილობრივ გასცეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. ხელისუფლების ოპონენტები, ბლაჟევიჩთან ყოველგვარ კომუნიკაციას უარყოფენ. დასახელებულ ფაქტებზე საუბარს კი თავს არიდებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ღიად ამბობენ, რომ ნებისმიერი რევოლუციური სცენარი მარცხისთვისაა განწირული. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმის ოპოზიციის მოტივი - ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეცვალოს არაერთგზის დადასტურდა. თუმცა, ნათელია ისიც, რომ ქართველ სამართალდამცავებს შესწევთ უნარი, ნებისმიერი სახის საფრთხე მომენტალურად აღკვეთონ და ქვეყანას სტაბილურობა შეუნარჩუნონ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება იგორ ბლაჟევიჩისა და ოპოზიციის რევოლუციურ სცენარებზე აქტიურად მიმდინარეობს.