ისრაელის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების ორ ტექნიკოსს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალი ოფიციალურად წარედგინა - წერს THE TIMES OF ISRAEL
მედიის ინფორმაციით, რომ სამხედრო პროკურატურის მიერ წარდგენილი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ პირებს, რომლებიც "თელ-ნოფის" ავიაბაზაზე მსახურობდნენ, ბრალად ედებათ "უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მთელი სერია დანაშაულებისა ირანის დაზვერვის ელემენტების სასარგებლოდ".
ერთ-ერთ ჯარისკაცს ბრალი ედება ომის დროს მტრის დახმარება, მტრისთვის ინფორმაციის მიწოდება, უცხოელ აგენტთან კონტაქტის ხელშეწყობა და სხვა სამართალდარღვევები. მეორე ჯარისკაცს კი ბრალად ედება უცხოელ აგენტთან კონტაქტი, მტრისთვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა დანაშაულები.
უსაფრთხოების სამსახურის, ისრაელის თავდაცვის ძალებისა და პოლიციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკითხვისას ტექნიკოსები ამტკიცებდნენ, თითქოს ირანელ კურატორებთან კავშირი მას შემდეგ გაწყვიტეს, რაც იარაღთან დაკავშირებული დავალებების შესრულებაზე უარი თქვეს.
"თუმცა, მას შემდეგაც კი, რაც კავშირი კურატორის ინიციატივით გაწყდა, მათ არ შეუწყვეტიათ მცდელობები კონტაქტის აღსადგენად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, რამდენიმე თვის განმავლობაში ორივე ჯარისკაცი "ინარჩუნებდა კავშირს ირანის დაზვერვასთან და მათი მითითებით ასრულებდა სხვადასხვა დავალებას ფულის სანაცვლოდ".
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ირანელ აგენტს გადასცა "მასალები სამხედრო წვრთნებიდან, რომლებიც გამანადგურებელი თვითმფრინავების სისტემებს ეხებოდა, ასევე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისა და ზონების დოკუმენტაცია".
გამოძიება ერთობლივად რამდენიმე უწყებამ ჩაატარა.
ერთობლივ განცხადებაში ხელისუფლება "კიდევ ერთხელ აფრთხილებს ისრაელის მოქალაქეებს, მათ შორის ჯარისკაცებს, მტრული სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ნებისმიერი სახის კონტაქტის დამყარების საფრთხის შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათთვის დავალებების შესრულებაზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის სანაცვლოდ" - წერს მედია.
წყარო: The Times Of Israel