გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა - "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" წარადგინა, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ და თანამედროვე მიდგომას ეფუძნება.
პროგრამის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს.
დავით სონღულაშვილმა ბოლო ათწლეულში სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა აგროსექტორის მხარდაჭერის ინსტიტუციური, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ტექნიკური მექანიზმები, რაც უკვე აისახა როგორც წარმოების, ისე ექსპორტის ზრდაზე.
"დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიტიკური ნების და გრძელვადიანი ხედვის პირობებში შესაძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი, ტრანსფორმაციული პროგრამის მომზადება. იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი, მოდერნიზებული ეტაპი. ჩვენი მიზანია აგროსექტორის სრული პოტენციალის ათვისება, მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცება.
აგროთანადაფინანსების პროგრამა მომზადდა ფერმერებთან ფართო დიალოგისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. შედეგად ჩამოყალიბდა სექტორის მხარდაჭერის ახალი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეფექტიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას. პროგრამის მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება.
ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას.
გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს პრიორიტეტული სექტორების მიზნობრივ შერჩევას, რაც ხელს შეუწყობს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას და მაქსიმალური შედეგის მიღწევას.
პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას.