"შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემგან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გადატეხილი. მიუხედავად იმისა, რომ გეკა გელაძემ და მისმა უწყებამ უდიდესი შრომა ჩადო, დიდი დრო დასჭირდება ამ პრობლემის საბოლოო დამარცხებას. სამწუხაროდ, მსოფლიოში ამის პრეცედენტები არ არსებობს, თუმცა მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია, როგორც ქრთამის, ასევე ნარკოტიკების რეალიზაციისა და მომხმარებლების მიმართულებით", - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.
მისივე თქმით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას - ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავების მხარდაჭერა, რათა მაქსიმალური შედეგი მიიღწეს.
"ერთი დიდი პროფესიონალი დღეს უკვე შეცვალა მეორე დიდმა პროფესიონალმა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, როგორც გეკა გელაძეზე, ასევე სულხან თამაზაშვილზე. ბუნებრივია, ეს ცვლილება არ დააკლებს ეფექტიანობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
მართალია, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ჩვენ ყველამ ერთად განვახორციელეთ დარტყმები ნარკოტიკებზე და მის რეალიზატორებზე. შედეგად, გარედან შემოტანა მნიშვნელოვნად გართულდა და ნარკოტიკი გაძვირდა - რიგ შემთხვევებში 100-ლარიანი ნარკოტიკი გახდა 1000, 1500 ან 2000 ლარი, თუმცა პრობლემა მაინც არსებობს.
როგორც კი შემოტანა გართულდა, გაჩნდა კიდევ ერთი საფრთხე - კუსტარული წარმოება. ადამიანები ამზადებენ სხვადასხვა ნივთიერებებს, რაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებს იწვევს, მათ შორის ლეტალურ შემთხვევებსაც. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც საზოგადოების მხრიდანაც სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა. სამართალდამცავები კი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ეს სფერო და შემცირდეს დანაშაულებრივი ბიზნესი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.