18 ივნისი 2026,   20:53
ვრცლად
ბრიუსელი ბუდაპეშტის წინააღმდეგ - უნგრეთს ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ

ბრიუსელი ბუდაპეშტის წინააღმდეგ - ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო უნგრეთს ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. მიზეზად უნგრეთის მთავრობის მიერ 2021 წელს მიღებული კანონი სახელდება, რომელიც ზღუდავს ან კრძალავს ჰომოსექსუალობისა და გენდერული იდენტობის შეცვლის პოპულარიზაციას ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ მედიაში. ბრიუსელი ბუდაპეშტისგან ამ კანონის გაუქმებას ითხოვს.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა. "ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს," - წერს ორბანი და აცხადებს, რომ ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, ბუდაპეშტი კანონს არ შეცვლის. ორბანის პოზიციას იზიარებენ თბილისშიც.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს ოპოზიციის ნაწილი, თუმცა მათგან ზოგიერთი აღნიშნავს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა აუცილებელია.

მმართველ გუნდში კი კონკრეტულ მაგალითებს იხსენებენ, როდესაც ბრიუსელი, მათი შეფასებით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობდა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვდა. "ქართულ ოცნებაში" ასევე აცხადებენ, რომ გარკვეული ევრობიუროკრატების განცხადებები, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი წევრ ქვეყნებს არაფერს აიძულებს, უნგრეთის მაგალითით ეჭვქვეშ დგება.

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და ბუდაპეშტი ევროკავშირის შესახებ შეთანხმების მეორე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა.

დღის ამბები