პოლიტიკური ნაღმი ოპოზიციურ ერთობაში რუსთავის ციხის პატიმარმა ბოლო ოთხ დღეში უკვე ორჯერ დადო. ლიდერის მანტიით და რევოლუციის იდეით გატაცებული მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი, ვერაშენებული ოპოზიციური ციხე-სიმაგრის ჩამოშლას ამჯერად ახალი იერიშით, ისევ ციხიდან ცდილობს. ის თავს ესხმის და აფრთხილებს ყველას, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, რომ მისთვის ცენზურის დაწესების შემთხვევაში, ორი თვის წინ შექმნილ ერთობას პოლიტიკური საფუძველი გამოეცლება.
მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის განცხადებას ოპოზიციური პარტიების პასუხი მოჰყვა. მისი მსგავსად, ბრალდებები შეთანხმების დარღვევასა და კონფრონტაციის მცდელობაზე მისი პარტიის ცალკეული წევრებისთვისაც პოლიტიკურ მარცხად შეფასდა.
უფრო მწვავე და კატეგორიული იყო თინა ბოკუჩავა. "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ ყოფილ თანაგუნდელებს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, პარტია ოპოზიციურ გაერთიანებას დატოვებს.
ყოფილი "ნაციონალები" კი ამბობენ, რომ სამიზნე თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქვს გასასწორებელი. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, პარტიამ საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს.
ფედერალისტების შემდეგ, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა ნოდარ ჩაჩანიძემ სააკაშვილის ტონი და პოლიტიკური გზავნილები საჯაროდ გააკრიტიკა. გვარამია-მელიას გუნდის წევრს, რომელმაც სააკაშვილის პოსტების შეზღუდვაც კი მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილმა მალევე უპასუხა და მას ორიენტირდაკარგული და თვითგამოცხადებული პოლიტიკოსი უწოდა, თავად მსჯავრდადებულს კი ყოფილი ნაციონალების პარტიიდან თავდაუსხმელობის პრინციპს ახსენებენ.
ეს პრინციპი ოპოზიციური ალიანსის შექმნის პირველივე დღეებში დაირღვა. დაწერილი წესები არაერთხელ დაირღვა და ურთიერთობის ფორმაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა. "ევროპული საქართველო" პასუხისმგებლობას ალიანსის თითოეულ წევრს აკისრებს.
ოპოზიციას ერთობის მართვის რესურსი არასდროს ჰქონია - აცხადებენ მმართველ გუნდში. მათი შეფასებით, სააკაშვილთან ერთად თუ მის გარეშე, უცხოელი დონორების ფინანსებით შექმნილ ხელოვნურ ერთობას მომავალშიც დაბალი მხარდაჭერა ექნება.
დღის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილის სამიზნე "დროა" და მისი ერთ-ერთი წევრი, გიგა ლემონჯავა გახდა. პატიმარმა სააკაშვილმა დაწერა, რომ ლემონჯავას ძირითადი ფუნქცია ეთერის შევსებაა, მას პოლიტიკოსად არ აღიარებენ. სააკაშვილი იქვე წერს, რომ მასზე თითოეულ თავდასხმას უპასუხებს.