04 აგვისტო 2026,   08:21
ვრცლად
დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები იმ მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ, რომლებსაც მსოფლიო მარეგულირებელმა სააგენტოებმა ავტორიზაციაზე უარი უთხრა - ამ ფონზე, სახელმწიფო სვამს კითხვას - ვინ დააზღვევს უსაფრთხოების რისკებს

პოზიციები და მოთხოვნები უცვლელია - დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოში იმ მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ, რომლებსაც მსოფლიო მარეგულირებელმა სააგენტოებმა ავტორიზაციაზე უარი უთხრა.

აშშ-ების შემთხვევაში, ამის მიზეზი ფატალური შემთხვევები გახდა. მოზარდები, რომლებიც პრეპარატ "ედევილისს" იყენებდნენ, 2 თვეში ჰოსპიტალიზებულები აღმოჩნდნენ. ევროპის წამლების სააგენტომ კი წამლის რეგისტრაციაზე უარი მისი არაეფექტურობის გამო განაცხადა. ანგარიშების და კვლევების მიუხედავად, მშობლები აცხადებენ, რომ რისკები სრულად გააზრებული აქვთ.

ჯანდაცვის მინისტრი დღეს კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სახელმწიფო პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მთავარი აქცენტი უსაფრთხოების რისკებზე კეთდება. პრეპარატებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებებს საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებენ. მიხეილ სარჯველაძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და მიდგომები.

მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის გარდა, მშობლები მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ - აქაც კონკრეტული დათქმით.

იშვიათი დაავადებების მართვის მიზნით, სახელმწიფო პაციენტებისთვის სერვისებს აფართოებს. სახელმწიფო სამკურნალო პროგრამას ახალი კომპონენტები ემატება. შეიქმნება ექსპერტებისა და მედიკოსების ჯგუფი. პაციენტებს ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს ხელმისაწვდომობა გაეზრდებათ. დღეს, ჯანდაცვის მინისტრი იმ კლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც, სავარაუდოდ, პროგრამაში ჩაერთვებიან.

საქართველოს მსგავსად, დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატების პრაქტიკაში გამოყენებას განსაკუთრებული სიფრთხილით უყურებენ ევროპის წამყვანი ქვეყნები. მათ შორისაა საფრანგეთი. ფრანგულმა მარეგულირებელმა არ დაუშვა მკურნალობის პროცესში პრეპარატი "ჯივინოსტატი".

მიზეზად ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წამლის გვერდითი მოვლენები და არაეფექტურობა დაასახელა. ამ ფონზე, სახელმწიფო სვამს კითხვას - ვინ დააზღვევს უსაფრთხოების რისკებს, რომელიც კონკრეტული პრეპარატის შემთხვევაში დგას და რომლის შემოტანასაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ღიად ითხოვენ.

როცა საკითხი ბავშვების ჯანმრთელობას ეხება, თემით სპეკულაცია დაუშვებელია - ასეთია სახელმწიფოს პოზიცია. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ თემის პოლიტიზება მიუღებელია.

დაავადების სამკურნალო პრეპარატებზე კვლევები გრძელდება, თუმცა მეცნიერებს ამ დრომდე არ აქვთ შექმნილი მედიკამენტი, რომელიც დიუშენის სინდრომს სრულად განკურნავს.

დღის ამბები