მთავრობამ გამოაცხადა, პარლამენტმა უნდა მიიღოს - სტრუქტურულ ცვლილებაზე მუშაობას საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით იწყებს. პროექტი მომდევნო სასესიო კვირას დარეგისტრირდება და იმავე კვირაში დამტკიცდება. შედეგად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაჩნდება უწყება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს. სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც, პარალელურად, ვიცე-პრემიერიც იქნება. სწორედ ძალოვან უწყებებში იგეგმება საკადრო გადაადგილებაც - მდინარაძის პოზიციას გეკა გელაძე დაიკავებს, გელაძის ადგილს კი სულხან თამაზაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის მზად არის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სახელმწიფო მინისტრის პოზიცია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მიმართულებით, ერთი მხრივ სისტემას გააძლიერებს, მეორე მხრივ კი პოლიტიკურ გუნდს - მისი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით.
მთავრობის სტრუქტურული ცვლილების გარდა, პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება გეკა გელაძის თანამდებობაზე დამტკიცებასაც. კანონმდებლობის მიხედვით, სუს-ის უფროსს სწორედ საკანონმდებლო ორგანო ირჩევს. უმრავლესობასთან ერთად, ორივე საკითხს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერაც ექნება - გამონაკლისი მხოლოდ გიორგი გახარიას გუნდია.
უსაფრთხოების ფაქტორის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდი. პარტიაში აცხადებენ, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სამართალდამცავ სტრუქტურებს ეფექტური მართვა სჭირდება, რასაც ახალი სახელმწიფო მინისტრი კოორდინაციას გაუწევს.
სტრუქტურული ცვლილება აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ახალი ვიცე-პრემიერიც ხდება. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს პოზიცია მისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
ამ დრომდე ვაკანტური რჩება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც აქამდე სულხან თამაზაშვილი იკავებდა. კანდიდატს მთავრობა უახლოეს დღეებში, პრეზიდენტთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ დაასახელებს.