06 აგვისტო 2026,   22:11
ვრცლად
"გვიყვარხარ პატრიარქო" — სამების ტაძარში ბავშვებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანგებოდ შემოსილი 1000 ბავშვი და ერთი მთავარი სათქმელი - "გვიყვარხარ პატრიარქო".

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს პატრიარქის მიერ გაცემულ სიყვარულს მომავალმა თაობამ სიყვარულითვე უპასუხა. ილია მეორე ბავშვების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ზრუნვით გამოირჩეოდა. ეს ღონისძიებაც ამ უწყვეტი კავშირის სიმბოლოდ იქცა.

სპეციალურად შერჩეული განლაგებით პატარა ჩოხოსნებმა საქართველოს დროშა შექმნეს და პატრიარქის ხსოვნას პატივი ამ ფორმით მიაგეს.

საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2015 წელს ჩამოყალიბდა. მათ თავად პატრიარქი ხელმძღვანელობდა. ისინი ხშირად მონაწილეობდნენ საეკლესიო ღონისძიებებში, მათ შორის საყოველთაო ნათლობებში.

უწმინდესის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე სამების საკათედრო ტაძარში სულის მოსახსენებელი პანაშვიდით გაგრძელდა. მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდა პატრიარქის საგალობლები.

სიმბოლური ღონისძიება, რომელიც დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა, ერთგვარი პასუხი იყო პატრიარქის მიერ წლების განმავლობაში გაცემული დიდი სიყვარულისთვის.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები