09 აგვისტო 2026,   16:40
ვრცლად
საქართველოს პოზიციონირება, როგორც დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, პრეზიდენტის გამოსვლაში ხაზგასმით იქნება აღნიშნული - ლევან დიასამიძე

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასტანაში იმართება. სამიტი კრიტიკულ თემებს მოიცავს: წყლის დეფიციტი, მყინვარების დნობა, მწვანე ენერგია, სურსათის უსაფრთხოება და კასპიის ზღვის დონის კლების ეკოლოგიური შედეგები. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირებადობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის.

ამ მიმართულებითაც საქართველო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. შავი ზღვის კაბელიც და ენერგო უსაფრთხოებაც ისევე მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიისთვის, როგორც ევროკავშირისთვის.

"სამიტი კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ პირველ რიგში განხილული იყოს ეკოლოგიური საკითხები, რომლებიც ყოველთვის აქტუალურია, ასევე რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, არსებული მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირება, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, რეგიონი საინტერესო და მიმზიდველი ხდება მთელი მსოფლიოსთვის და ყველა ცდილობს რეგიონთან განსაკუთრებული, ახალი ურთიერთობის დაწყებას. შესაბამისად, საქართველოს პოზიციონირება, როგორც დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, განსაკუთრებით პრეზიდენტის გამოსვლაში ხაზგასმით იქნება აღნიშნული,"- აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთსა და ყირგიზეთში ლევან დიასამიძე.

ასტანის სამიტში მონაწილეობას იღებს 1,500-ზე მეტი დელეგატი: მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნების პირველი პირები: ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. მიხეილ ყაველაშვილი სესიაზე სიტყვით გამოვა, დაგეგმილია პირისპირ შეხვედრებიც.

დღის ამბები