შეთანხმების დარღვევა, საკუთარი თავის განდიდება და სხვების დაკნინება - ბრალდებების ადრესატი მიხეილ სააკაშვილია. საერთო წარსულის მქონე პოლიტიკოსების გაერთიანებიდან ორ თვეში, უკვე მეორედ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა ოპოზიციის ერთიანობის ილუზიას ანგრევს. პეტრე ცისკარიშვილის შემდეგ, კოლეგების საჯარო კრიტიკის ავტორი ექსპრეზიდენტია. სააკაშვილს დღეს ჩერგოლეიშვილმა ღიად უთხრა, რომ თუ წესებს არ დაემორჩილება და რიტორიკას არ შეცვლის ალიანსში პოლიტიკური მომავალიც არ ექნება.
წესების დამრღვევად მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკ" სტატუსის გამო გამოაცხადეს, სადაც მან ყოფილ და მოქმედ თანაგუნდელებს, ბრძოლის სტრატეგია დაუწუნა. ექსპრეზიდენტმა კოლეგებს ციხიდან შემოუთვალა, რომ მისი სახელის ხსენების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევენ, ვერც ხალხს გამოიყვანენ ქუჩაში თუ კომფორტის ზონას - სატელევიზიო სტუდიებსა და ფეისბუქ "ბაბლს" არ დატოვებენ.
ეს სიტყვები საერთო ქოლგის ქვეშ გაერთიანებულმა ყოფილმა და მოქმედმა "ნაციონალებმა" პერსონალურ თავდასხმად მიიღეს, თუმცა საპასუხო ერთობლივი განცხადება მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაავრცელეს. ტექსტში წერია, რომ ოპოზიციური ერთობის ერთპარტიული ლიდერი ვერავინ გახდება. დოკუმენტს ხელს ყველა პარტია აწერს, მინუს "ნაციონალური" მოძრაობა.
"ნაციონალური მოძრაობა" ალიანსის ერთობლივი განცხადების სულისკვეთებას არ იზიარებს. სააკაშვილის გუნდში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის კრიტიკული პოსტი არა თავდასხმა, არამედ რეკომენდაცია იყო.
საერთო პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანების საერთო მომავალს ვერ ხედავს "ქართული ოცნება". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ახალი ალიანსი ძველი "ნაციონალების" გაერთიანებაა, თუმცა არა საკუთარი სურვილით, არამედ უცხო ძალების დაკვეთით. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სააკაშვილი, გვარამია ბოკერიას გაერთიანების ერთადერთი მიზანი არეულობის მოწყობა და პოლარიზაციის გაღრმავებაა.
ახლად შექმნილი ოპოზიციური ალიანსის შიდა დაპირისპირება საჯარო უკვე რამდენჯერმე გახდა. მიხეილ სააკაშვილამდე იყო პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე