2 ნიღბიანი პირი სავაჭრო ობიექტზე ღამის 10 საათსა და 22 წუთზე შედის, სალაროს იმ ნაწილს, სადაც ფული დევს იღებს და გარეთ გარბის. ძარცვა მხოლოდ 5 წამი გრძელდება. მოლარემ სალაროს დაცვა ვერ მოასწრო. ნიღბიანებს სალარო აპარატები უკვე მოხსნილი და გატაცებული ჰქონდათ - კადრები "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. მასალა მაღაზია "ზღაპარშია" გადაღებული.
"კურიერის" ინფორმაციით მაღაზია "ზღაპრიდან" 850 ლარია წაღებული, დანაშაული ობიექტის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. მენეჯერმა დანაშაულის დეტალები გაიხსენა.
დანაშაული პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა და ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ის არასრულწლოვანია. 17 წლის მოზარდს მოკავშირე ჰყავდა, რომელსაც პოლიცა ამ დრომდე ეძებს . თანამზრახველის ვინაობის დასადგენად და ასაყვანად სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
"კურიერის" ინფორმაციით, 2 ნიღბიანი პირის სამოქმედო არეალი, ძირითადად, ისანი-სამგორის ტერიტორია იყო. მაღაზიებში ღამის საათებში შედიოდნენ, მხოლოდ სალარო აპარატებს იღებდნენ და გარბოდნენ. არასრულწლოვანის და მისი მოკავშირის მთავარი მიზანი დანაშაულის ადგილიდან სწრაფად გაქცევა იყო.
ძარცვის ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. კადრები სამ სხვადასხვა ქსელურ მაღაზიაშია გადაღებული .
ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტია "მეიმარტი", თუმცა აქ მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. კითხვა- რა რაოდენობის თანხაა წაღებული, მაღაზიის თანამშრომლებმა უპასუხოდ დატოვეს .
6000 ლარი - ეს სამი მაღაზიიდან წაღებული თანხის საერთო რაოდენობაა.
17 წლის მოზარდის მონაწილეობით მომხდარი დანაშაული, ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გახსნეს. ძარცვის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, სასჯელი 8 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.