მსოფლიოს უდიდესი აისბერგის ოკეანური ისტორია დასრულდა - ტრილიონ-ტონიანი ყინულოვანი მასა ნამსხვრევებად დაიშალა
მსოფლიოს უდიდესმა აისბერგმა საბოლოოდ დაასრულა ოკეანური ისტორია - ის საკუთარ, 40 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე, მცირე ნაწილებად დაიმსხვრა.
A–23A ნამდვილი გიგანტური ზომის აისბერგია, რომელიც პიკის დროს თითქმის ტრილიონ ტონას იწონიდა და მისი ფართობი 3,988 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.
გიგანტი ანტარქტიდის ფილხნერის შელფურ მყინვარს ჯერ კიდევ 1986 წელს მოსწყდა, თუმცა წლების განმავლობაში ზღვის ფსკერზე იყო გაჭედილი, სანამ 2020 წელს ნელ მოძრაობას დაიწყებდა.
მას შემდეგ აისბერგმა ჩრდილოეთის მიმართულებით 2,300 კილომეტრზე მეტი მანძილი გაიარა და თავისი ეპიკური მოგზაურობით მსოფლიოს მეცნიერების ყურადღება მიიპყრო.
სიცოცხლის ბოლო თვეებში აისბერგმა ინტენსიური დნობა და რღვევა დაიწყო. დაშლამდე მასიური ყინულის მთა 170 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა, ბოლოს კი სრულად დაიშალა.
ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიუროს დოქტორი იან ლიზერი აისბერგს დისტანციურად აკვირდებოდა:
"ბოლო კვირებში შევამჩნიე, რომ ბუნება თითქოს ღრუბელს აფარებდა მომაკვდავ აისბერგს, თითქოს ამ ეტაპზე მისთვის პირადი სივრცის შენარჩუნებას ცდილობდა", - აღნიშნა მან.
მეცნიერებმა მაინც შეძლეს მისი დამსხვრევის წინა პერიოდის დაფიქსირება - დაკვირვებებმა აჩვენა, თუ როგორ დაიშალა საბოლოოდ მასშტაბური სტრუქტურა უმცირეს ფრაგმენტებად.
"აისბერგი A–23A იმ გიგანტთა რიგში შედის, რომლებიც ოდესმე ანტარქტიდას მოწყვეტიან", - წერს NASA თავის ბლოგპოსტში.
"მიუხედავად იმისა, რომ სატელიტური დაკვირვების ეპოქაში რამდენიმე უფრო დიდი აისბერგიც დაფიქსირებულა, A–23A თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობით იყო გამორჩეული".
ავტორი: ლუკა ჩლაიძე