"ხორუმი", "ნეტავი გულო", ფრაგმენტი ოპერიდან "ქეთო და კოტე", სენტიმენტალური ტანგო" - ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშები პარიზში, ისტორიულ "სალ გავოს" საკონცერტო დარბაზში შესრულდა.
ფრანგმა მსმენელმა ხალხური მოტივებიდან თანამედროვე კლასიკამდე ეპოქალური ნაწარმოებები მოისმინა.
საღამოზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა და შესრულდა მსოფლიო საეკლესიო მუსიკის გამორჩეული ქმნილება, თავად პატრიარქის შექმნილი "ავე მარია".
საღამო ქართველი და ფრანგი მუსიკოსების კოლაბორაციით შედგა, რომელსაც მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი ხელმძღვანელობდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში აღიარებულმა ქართველმა ხელოვანებმა.
"ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მიზნად ქართული მუსიკის საერთაშორისო არენაზე პოპულარიზაციას ისახავს. საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
კონცერტი პარიზის წიგნის ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენდა, რომელზეც საქართველო წელს "საგანგებო სტუმრის" სტატუსით იმყოფებოდა.