11 აგვისტო 2026,   02:36
ვრცლად
წინააღმდეგობა და ქუჩის პროტესტი, როგორც ბრძოლის სტრატეგია - იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგს ქართულ ოპოზიციასთან ერთად NGO სექტორიც ესწრებოდა

მოძრაობა "ფარის" დამფუძნებელი დავით გუნაშვილი ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კითხვა იგორ ბლაჟევიჩთან დაკავშირებით დავუსვით, დუმილი არჩია - ჩეხ ტრენერთან ნაცნობობა არც უარყო და არც დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, გუნაშვილი ერთ-ერთია, ვინც პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ლიდერის ტრენინგს ოპოზიციასთან ერთად ესწრებოდა. ამ შეხვედრის მთავარი თემა კი წინააღმდეგობა, ქუჩის პროტესტი და ბრძოლის სტრატეგია იყო. გუნაშვილმა დღეს აღიარა, რომ წარსულში ტრენინგები თავადაც ჩაუტარებია.

კიდევ ერთი აქტივისტი, რომელიც ბლაჟევიჩის ტრენინგს ესწრებოდა - გიორგი ეკალაძეა, მოძრაობა "წერტილის" ლიდერი და მომავლის აკადემიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. გიორგი ეკალაძემ იგორ ბლაჟევიჩთან კავშირი ვერ უარყო, თუმცა კონკრეტულ შეკითხვაზე თავის არიდება და თავდაცვა, თავდასხმით სცადა.

შტურმი პარლამენტზე, თავდასხმა სტრატეგიულ ობიექტებზე, პოლიტიკური რეალობის შეცვლა ქუჩის აქციებით - ეს სცენარი პარლამენტის თავმჯდომარისთვის ახალი არ არის, ისევე როგორც კონსპირაციული შეხვედრები.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის ფინანსებითა და ბლაჟევიჩის ხელით, ახლა ევროკავშირის ტერიტორიიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიაზე თავდასხმა ხდება.

ვინ არის იგორ ბლაჟევიჩი? პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ლიდერის "ფეისბუქ" არქივი ბევრ სტატუსს ინახავს, სადაც ჩეხი აქტივისტი მხარს ქართულ ოპოზიციას უჭერს, გულშემატკივრობს საპროტესტო აქციებს, აკრიტიკებს ხელისუფლებას და მის მიერ მიღებულ კანონებს. "ქრონიკის" ინფორმაციით, სწორედ ბლაჟევიჩმა გამართა რამდენიმე დღის წინ ოპოზიციასთან ტრენინგი, ამ ინფორმაციას უკვე რამდენიმე დღეა უარყოფს "ნაციონალური მოძრაობა".

იგორ ბლაჟევიჩმა "ქართულ ოცნებას" "კანვასის" ტრენინგები გაახსენა, შეხვედრები, სადაც არეულობის მოწყობისა და დესტაბილიზაციის გზამკვლევი იწერებოდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის ტრენინგების ერთადერთი მიზანი, საქართველოში რევოლუციური სცენარის რეალობად ქცევაა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის კანონდარღვევას როგორც წარსულში, ახლაც მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

ქართული ოპოზიციის უცხოელი ტრენერის სტრატეგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სამართალდამცავი უწყებების მიერ უკვე გაშიფრულია. დეტალური ინფორმაცია სუს-ს უცხოელი კოლეგების მხრიდანაც აქვს. უწყებამ უკვე დაიწყო სამართალწარმოების პროცესიც.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები