ახალი კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია. კორექტირებული დოკუმენტით, "ქართული ოცნება", "ევროპელი სოციალისტები" და "ხალხის ძალა", 3-ის ნაცვლად უკვე 4 პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის", "ახლების", "ლელოსა" და ახლა უკვე "ფედერალისტების" აკრძალვასაც ითხოვს. სასარჩელო მოთხოვნას ახლავს დასაბუთებაც. 89 დეპუტატი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიზანი - კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, არჩევნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არაღიარება, დემოკრატიის უგულებელყოფა და ქვეყნის საბოტაჟია.
პარლამენტის 89 წევრს, საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის უფლება, საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი საპარლამენტო პროცედურების დასრულების შემდეგ მიენიჭა. ბიურომ ცნობად მიიღო საპროცედურო კომიტეტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სარჩელზე არსებული ხელმოწერების ავთენტურობა საბოლოოდ დადასტურდა.
კორექტირებულ სარჩელში "ფედერალისტების" შეტანის მიზეზი, პარტიის ლიდერების კავშირი და საერთო სტრატეგიული მიზნებია "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელსაც მთავარი ადრესატი პოლიტიკური ძალა არც დღეს უარყოფს. თამარ ჩერგოლეიშვილი ადასტურებს, რომ არაღიარების პოლიტიკას ეფექტურ იარაღად მიიჩნევს, საბოლოო მიზანი კი მისთვის ხელისუფლების ნებისმიერი გზით ჩამოშლაა.
ოპოზიციური პარტიების სწორედ ამ გეგმას მიიჩნევს სახელისუფლებო გუნდი არაკონსტიტუციურად და ძალადობრივად. ასევე შეთანხმებას, რომელიც 9 პარტიამ 2 მარტს გააფორმა და უმრავლესობის თქმით, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მორიგი რევოლუციური პროცესის განვითარებას.
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და უცხოური ძალის ხელშეწყობაში სახელისუფლებო გუნდმა პირველ ეტაპზე 3 ოპოზიციური პარტია რამდენიმე თვის წინ დაადანაშაულა. სწორედ "ნაციონალური მოძრაობის", "ახლებისა" და "ლელოს" წინააღმდეგ შევიდა პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელსაც საფუძვლად საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიანი დასკვნა დაედო.
პოლიტიკურ კრიზისსა და არეულობის მცდელობებში მმართველი ძალა, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს უკვე დიდი ხანია ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მტრულ საქმიანობაში მხილებული სუბიექტები, ძალადობრივი პროცესების განვითარებას უცხოელი დონორების დაფინანსებითა და წახალისებით უკვე წლებია ცდილობენ.
ახალ საკონსტიტუციო სარჩელს, სასამართლო, წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტს "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოსა" და მათთან ერთად "ფედერალისტების" არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხს.